ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა. „ქართული ღვინის ფორუმის” ფარგლებში, ქალაქ ბოსტონში, დეგუსტაცია-სემინარი „Amber Wine Festival in Boston” ღვინის პროფესიონალებისთვის, ხოლო ქალაქ ფილადელფიაში, ქართული ღვინის დეგუსტაცია ადგილობრივი დისტრიბუტორების, იმპორტიორების, სარესტორნო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.
ფორუმის დასკვნითი ღონისძიებას წარმოადგენდა კონფერენცია, რომელიც 9 ნოემბერს პენსილვანიის უნივერსიტეტში გაიმართა. კონფერენცია ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას, მეღვინეობის სექტორში პანდემიით შექმნილ ახალი გამოწვევებს, აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია-რეალიზაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებს მიეძღვნა.
კონფერენციაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ღვინის ინდუსტრიის მიმოხილვა ონლაინ ფორმატში წარადგინა.
ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი მიესალმნენ.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორმა, პატრიკ მაკგოვერნმა (PATRICK MCGOVERN), ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარმა, სტეფენ ბატიუკმა (STEPHEN BATIUK) და სხვებმა.