ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 500 ლარით დააჯარიმა. დღეს სასამართლომ ბიზნესმენის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე განიხილა, რომლის მიხედვითაც, გალიფ ოზთურქს მარიხუანას შეძენა-შენახვა-გადაზიდვას ედავებიან.
ადვოკატმა თენგიზ კახიძემ სასამართლო პროცესზე ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. როგორც თენგიზ კახიძემ განმარტა, დასკვნით დგინდება, რომ ბიზნესმენი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი არ იყო.
თავად ოზთურქი სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწრო.
„საქართველო ვიცი, როგორც სამართლიანი. ვენდობი თქვენს სასამართლოს. შეხება არ მქონია ამ საქმესთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან და მჯერა, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ. საქართველოში ბიზნესისა და ტურიზმის გარდა არაფერი გამიკეთებია. აქ დანაშაულების საკეთებლად არ ჩამოვსულვარ, ჩამოვედი კეთილი საქმეებისთვის. აქ ვარ, როგორც შანტაჟის მსხვერპლი“, – განაცხადა ოზთურქმა პროცესზე.
გალიფ ოზთურქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული, რისთვისაც ის პატიმრობაშია. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. გალიფ ოზთურქი საკუთარ საცხოვრებელ სახლში 31 მაისს დააკავეს. ის პატიმრობაში იმყოფება. გამოძიების ვერსიით, მას შვიდ გრამზე მეტი კოკაინი აღმოაჩნდა.