
237-მდე გაიზარდა იმ ბიზნსეს-კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ახალი არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვენ.
კომპანიებმა საკუთარი პოზიცია ახალ პლატფორმა Freebusiness-ზე დააფიქსირეს, რომელიც სტარტაპერმა გიორგი ჩუგოშვილმა შექმნა.
კომპანიების სრულ ჩამონათვალს ნახავთ აქ - www.Freebusiness.ge-ზე.
როგორც გიორგი ჩუგოშვილმა, დღეს, "საქმიან დილაში" განაცხადა, უკვე მიღებული აქვთ 400-ზე მეტი კომპანიის განაცხადი, რომელთაც სურთ Freebusiness-ის მოთხოვნებს შეუერთდნენ. "ახლა ამ ბიზნესების ვერიფიკაცია, რომლის შემდეგაც ისინი გამოჩნდებიან პლატფორმაზე", - აღნიშნა მან.
„არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება.ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“, - ნათქვამია Freebusiness-ზე.