„საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის დაშვება და საგადასახადო შეღავათების დაწესება, წინააღმდეგობაში მოდის „ქართული ოცნების” მიერ ბოლო წლებში გაცხადებულ პოლიტიკასთან, რომელიც მიზნად აზარტული თამაშების პოპულარიზაციის შემცირებას,“ – ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) პუბლიკაციაშია აღნიშნული.
მათივე შეფასებით, აზარტული თამაშების შეზღუდვის მიზნით „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო წლებში არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა სექტორის ბრუნვის მაჩვენებელი კვლავ მზარდია და მან გასულ წელს დაახლოებით 88.4 მილიარდი ლარი შეადგინა.
როგორც IDFI-ს პუბლიკაციაში ვკითხულობთ, ქვეყანაში ამოქმედებული რიგი რეგულაციების მიუხედავად, თამაშზე დამოკიდებულ პირთა რაოდენობა ზრდის დინამიკას აჩვენებს.
ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო 5 წელში, დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, აზარტული თამაშების საწარმოების ბრუნვა დაახლოებით გაორმაგდა.
IDFI სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2025 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მაჩვენებლებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუცია სწორედ აზარტულ თამაშებს ჰქონდათ. მონაცემები ცხადყოფს, რომ სექტორის ბრუნვის მაჩვენებელი საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორსაც კი უსწრებს.
„სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიუთითებს, რომ აზარტული თამაშების სექტორის საქმიანობის შესაფასებლად რეკომენდებულია პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლის გამოყენება, რომელიც მიიღება ბრუნვის მოცულობიდან საპრიზო განაცემების (ანუ, მოგების სახით გაცემული თანხების) გამოკლებით.
აღნიშნული სექტორის პროდუქციის გამოშვება წარმოადგენს თამაშებიდან მიღებული შემოსავლების ჯამს (Gross Gambling Revenue - GGR), რაც რჩება ბრუნვის მოცულობიდან საპრიზო განაცემების ანუ მოგების სახით გაცემული თანხის გამოკლების შემდეგ. წლების განმავლობაში აღნიშნული მონაცემიც ზრდას აჩვენებს და 2025 წელს 3.7 მლრდ. ლარს უტოლდება.
2025 წელს, სათამაშო ბიზნესის მთლიანმა მოგებამ 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მცირედით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. აზარტული თამაშების კომპანიების მოგება მკვეთრად გაიზარდა 2022 წელს (+74%). შემდეგ წლებში, ზრდა მაქსიმუმ 7%-ს აღწევდა.
საქსტატის მონაცემებით, აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებულ საწარმოებში 2025 წლის მონაცემებით, 13 288 პირი იყო დასაქმებული. ბოლო 5 წელში თანამშრომელთა რაოდენობა, დაახლოებით 35%-ით გაიზარდა.
2025 წლის მდგომარეობით აზარტული თამაშების საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 3 700 ლარია, რაც ქვეყანაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს დაახლოებით 73%-ით აღემატება.
ბოლო 5 წელში სათამაშო ბიზნესში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი დაახლოებით 100%-ით გაიზარდა, მაშინ როცა ქვეყანაში საშუალო ხელფასის ზრდა იგივე პერიოდში დაახლოებით 65%-ია,“ - ვკითხულობთ IDFI-ს პუბლიკაციაში.