2024 წლიდან საქართველოს სამშენებლო სტანდარტებში ევროკოდები შემოდის, რომელმაც სექტორი სრულად ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. მათ შორის, აამაღლოს შენობების სეისმომედეგობა და უსაფრთხობა.
როგორც "ბიზნესპარტნიორს" საპროექტო კომპანია Q Engineering-ის დამფუძნებელმა, მთავარმა ინჟნერმა ირაკლი ურუშაძემ განუცხადა, ევროკოდები მთლიანად შეცვლის იმ საპროექტო ნორმებს, რაც შენობის მზიდი ნაწილების გაანგარიშება-დაპროექტების საკითებს ეხება საპროექტო დოკუმენტაციაში. შედეგად, სამშენებლო ნორმები გათანაბრდება ევროპულთან და ამაღლდება შენობებისა და მშენებელობების უსაფრთხოებაც.
ახალი სტანდარტების შემოტანის პარალელურად, განახლდება სეისმური რუკებიც რაც სეისმური საფრთხის შეფასების საფუძველია.
"დღეს მოქმედი სეისმური რუკა მოძველებულია, თუმცა, ეს რუკები ყოველთვის ახლდება და მკაცრდება. ყველა შემთხვევაში, ის რუკა რაც შემოვა ევროკოდთან ერთად უფრო მკაცრი იქნება, უსაფრთხოება იქნება უფრო პრიორიტეტული, რადგან, გარდა რუკებისა თანამედროვე მეთოდოლოგია შემოვა, რითაც უნდა დაითვალოს შენობაზე სისმური ზეგავლენა, რაც შეამცირებს რისკებს და გაზრდის სეისმომედეგობას. ქართული სეისმური სტანდარტი 2010 წელსაა მიღებული. ის ითვალისწინებს რაღაც ნაწილით ევროპულ ნორმებსაც, უკრაინულსაც, ძველ საბჭოთა ნორმებსაც. მაგრამ ეს უკვე მოძველებული ნორმაა და როგორც წესი, 10 წელიწადში ერთხელ ნორმები იცვლება ხოლმე, იქედან გამომდინარე, რომ ცოდნა იზრდება იმ სფეროში" - აცხადებს ირაკლი ურუშაძე „ბიზნესპარტნიორთან“.
მისივე თქმით, ევროკოდების შემოსვლა ძირითადად, ინჟინრებს ეხებათ თუმცა, ეს ასევე ავტომატურად გამოიწვევს მასალებისა და მშენებლობის ზედამხედველობაში ევრორეგულაციების შემოტანას, რაც გაზრდის მშენებლობის ხარისხს, გაათანაბრებს მას ევროპულ ხარისხან.
"საქართველოში მშენებლობისა და მასალების წარმოების ხარისხიც აიწევს. ეს განაპირობებს შენობებისა და მშენებელობების უსაფრთხოების ამაღლებას. ასევე, ცვლილებების ფარგლებში, იგეგმება სეისმური რუკების განახლებაც. ყველაზე თანამედროვე რუკა იქნება დანერგილი, რაც თავისთავად აწევს სეისმომედგეგობასაც მომავალი შენობის, რომელიც დაპროექტდება" - აცხადებს ირაკლი ურუშაძე.
მისივე განმარტებით, ახალი სტანდარტები გარკვეულწილად ფასსაც აწევს, თუმცა, ევროპის გამოცდილების გათვალისწინებით, ხარისხის აწევას უფრო დიდი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ფასის გაზრდას - ხარჯი.
ამასთამ, ინჟენერი განმარტავს, რომ ქვეყნის დიდი პროექტები - ავტობანები ხიდები და მსგავსი ინფრასტრუქტურა ისედაც ევროკოდებითა და ევროპული ნორმებით შენდება. სიახლე ძირითადად ლოკალურ, კერძო მშენებლობებსა და დეველოპერებს შეეხება.