დღეს თბილისის მერის, კახა კალაძის, მიერ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლიდან საავტობუსე ზოლებში, ე.წ. ბასლეინებში, სასკოლო ავტოტრანსპორტის გადაადგილებაც დასაშვები გახდება. მერის განცხადებით, სკოლის ავტობუსებს ეს პრივილეგია გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ მიეცემათ.
“ავტომანქანების სიჭარბის გამო საცობების პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლეველია და ვითვალისწინებთ რა სკოლის მოსწავლეების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საჭიროებებს, გადავწყვიტეთ, M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტსაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ საავტობუსე ზოლში, გარკვეული პირობებით”, - განაცხადა კალაძემ.
ახალი რეგულაცია შეეხებათ როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებს. შესასრულებელი პირობები კი შემდეგია:
- გადაადგილების უფლება ექნება ტექნიკურად გამართულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გავლილი აქვს ტექნიკური დათვალიერება და განთავსებული აქვს მერიასთან შეთანხმებული სპეციალური ვიზუალური ნიშანი, რომელიც ასახავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაჰყავს სკოლის მოსწავლეები.
- აღნიშნული ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტებზე, სამუშაო დღეების განსაზღვრულ მონაკვეთებში, დილის 06:00-დან 09:00-მდე და დღის 14:00-დან 18:00-მდე.
- საავტობუსე ზოლებში მათ შეეძლებათ მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე გაჩერება, არაუმეტეს ერთი წუთის დროით.
- შაბათ-კვირას, ოფიციალურ უქმე დღეებსა და სამუშაო დღეების დროის სხვა მონაკვეთებში, ავტობუსის ზოლში მოძრაობის ან წინასწარ შეთანხმებული მარშრუტის დარღვევის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდება.
იმისთვის, რომ სასკოლო ავტობუსს ჰქონდეს “ბასლეინზე” მოძრაობის უფლება, სკოლამ შესაბამის დაწესებულებას უნდა მიმართოს.
“სკოლამ მოძრაობის მარშრუტის შესათანხმებლად უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და წარადგინოს კონკრეტული დოკუმენტაცია. მათ შორის, ავტობუსების რაოდენობა შესაბამისი სახელმწიფო ნომრის და მარშრუტის მითითებით. ასევე, სასკოლო ავტობუსის ვიზუალური მხარის ამსახველი ფოტომასალა”, - განმარტა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული რეგულაცია სატესტო რეჟიმში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, 2024 წლის 1-ელ ივლისამდე იმოქმედებს.
მერისვე ინფორმაციით, თბილისში დღეის მონაცემებით 19 ავტობუსი, 164 მიკროავტობუსი და 82 მინივენია რეგისტრირებული, როგორც სასკოლო ტრანსპორტი.