შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირის გარდა ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახა მურადაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე: საქმის კურსში არ იყო თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მისი მოადგილის ქმედებასთან დაკავშირებით? მურადაშვილმა აღნიშნა: „გამოძიება გრძელდება, არ დასრულებულა. შესაძლოა, გაიზარდოს ბრალდებულთა წრე. დანარჩენს მოგახსენებთ შემდეგში“, - განაცხადა კახა მურადაშვილმა.
ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს, დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.
ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.
რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურეობრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ასევე, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. მათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დ.კ.-ს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებული არიან ასევე, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დავით თუშიშვილი. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.