დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თებერვლის დასაწყისში საქართველოში „ომიკრონის“ დღიურმა რაოდენობამ შესაძლოა, 60 ათასს მიაღწიოს.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ გამყრელიძემ ჟურნალისტების რამდენიმე კითხვას უპასუხა, მათ შორის, ქვეყანაში არსებული სიტუაციაც მიმოიხილა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში გაიზარდა ცხელ ხაზსა და ონლაინ კლინიკებში მიმართვიანობა, რაც „ომიკრონის“ შემთხვევების მატებას უკავშირდება – „ეს შემთხვევები მიდის დელტასთან შედარებით მსუბუქად, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს“.
„პროგნოზირების ინსტიტუტს – Healthmetric-ს რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით, ბოლო მონაცემებით – იქ ნათქვამია, რომ ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება იყოს დღიურად 60 ათასამდე შემთხვევა, რომლიდანაც გამოვლინდება ლაბორატორიულად 20-30%, ანუ სადღაც შეიძლება გვქონდეს დღიურად 10-12-15 ათასამდე შემთხვევის დატვირთვა [საავადმყოფოების]“, – ამბობს გამყრელიძე.
გამყრელიძე დასძენს, რომ საქართველოში დღიურად გამოვლენილია შემთხვევათა მაქსიმუმ 6-7 ათასი. თუმცა საერთაშორისო პრაქტიკით ჩანს, რომ „ომიკრონის“ შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია 5-10%-ს სჭირდება, მაშინ, როდესაც „დელტას“ შტამისთვის ეს მაჩვენებელი საერთაშორისოდ 20%-მდე მერყეობდა, საქართველოში კი 17-18% იყო.
საქართველოში, 11 იანვრის მონაცემებით, „ომიკრონის“ შტამის 951 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. თუმცა სამედიცინო სფეროს ექსპერტების, მათ შორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დაუდასტურებელ შემთხვევათა რაოდენობა რამდენჯერმე მეტია.
საქმე ის არის, რომ კორონავირუსის შტამის დადგენას სჭირდება ან სპეციალური პისიარ ტესტი, ან ლაბორატორიული კვლევა. ყველა შემთხვევას კი ამგვარი კვლევა არ უტარდება.