პროფესორის, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, საფლავებზე ქეიფისა და ღრეობის პრევენცია პატრულსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს შეუძლიათ და აკრძალვა საფლავზე მისვლის შესახებ სრულიად გაუმართლებელია.
როგორც ფხაკაძემ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME- ს განუცხადა , რომ მეტრო ყველაზე დიდი საშიშროებაა ვირუსის გავრცელების მხრივ.
“თუ მეტროში შეგიძლია ჩახვიდე, ხალხით გადაძეძგილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეგიძლია ახვიდე, და სასაფლაოზე არ შეიძლება ადამიანი გავიდეს?! კარგით რა! ეს ვითომ მოქალაქეებზე ფიქრი, ვითომ ეპიდემიოლოგია, ვითომ ექსპერტიზა - არ გვინდა რა, ამდენი “დაბოლება”.
ჩემი მოსაზრება მარტივია - მეტრო დაკეტე, რესტორანი, ღრეობა, პურმარილები დაკეტე - გეუბნები, ინფექცია სად არის. მაგრამ სასაფლაოს დაკეტვა?! - კარგი რა! ბოლოს და ბოლოს დააყენე მუნიციპალიტეტის ხალხი, პოლიცია და ღრეობა და პურმარილი აკრძალე”- განაცხადა ფხაკაძემ.
მისივე თქმით, წინაპრების მონახულება, სუფთა ფსიქოლოგიურად, სოციალურ-კულტურულად, რელიგიურად უმნიშვნელოვანესია.
“მე ახლა რომ ვიყო საქართველოში და ვიღაცამ რომ ამიკრძალოს დედაჩემის საფლავზე გასვლა. ხომ მივასიკვდილე, ვინცაა მისასიკვდილებელი?! ვისა აქვს უფლება, გამაჩეროს?!
თუ მთელი ქვეყანა იქნება დაკეტილი, კი ბატონო, მაგრამ მთელი ქვეყანა გახსნილია და სასაფლაოს კეტავთ?! ხომ ხედავთ, რომ 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათი არ მუშაობს, მაინც მთელი ქალაქი გარეთ დადის. მაინც ყველანი საშვებზე ჩალიჩობენ. არ იმუშავა 9 საათზე ჩაკეტვამ, იმიტომ, რომ მეტრო და გადავსებული ავტობუსები ყველაზე დიდი გამავრცელებელია. ამ „ვითომ, ვითომ“ ცხოვრებას თავი დაანებეთ" - აღნიშნა ფხაკაძე.