ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (აესს-ი) ბოლო ცნობებს აქვეყნებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით.
სადგური 4 მარტიდან რუსეთის სამხედრო ძალების ხელშია, – კერძოდ, უკრაინული მხარის თანახმად, „კადიროველების“ კონტროლქვეშ.
აესს-ი უკრაინის ატომურ რეგულატორზე დაყრდნობით იუწყება, რომ
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს, ადგილზე რუსების კონტროლის მიუხედავად, კავშირი აქვთ უკრაინულ ხელმძღვანელობასთან სადგურზე არსებული ექვსი რეაქტორიდან ორი კვლავ მუშა მდგომარეობაში და ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
ტექნიკური უსაფრთხოების სისტემები არ დაზიანებული;
რადიაციის დონე დასაშვებ ფარგლებში რჩება;
სადგურის სასწავლო ბაზა, – რომელიც სადგურისგან განცალკევებით მდებარეობს, – მნიშვნელოვნად დაზიანდა 4 მარტს დაზიანებული ლაბორატორიის და ადმინისტრაციის შენობებიც;
უკრაინის დანარჩენი სამი ატომური სადგურის უსაფრთხოების სისტემა კვლავ ოპერირებს, უკრაინული რეგულატორი მათ ზედამხედველობას აგრძეელბს;
ჩერნობილის სადგურის თანამშრომლები 23 თებერვლის შემდეგ არ შეცვლილან, – მათ როტაციის საშუალებას არ აძლევენ. თანამშრომლების როტაცია არ ხდება არც ზაპოროჟიეს სადგურზე. აესს-ის გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი აცხადებს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, თანამშრომლებს მიეცეთ მორიგეობის ნორმალურ რეჟიმში გაგრძელების საშუალება, რათა დაკისრებული მოვალეობას უსაფრთხოდ შეასრულონ.
ის ასევე ამბობს, რომ „დაძაბული“ ვითარება, – როდესაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსული ძალები აკონტროლებენ და მას უკრაინელი პერსონალი მართავს, – „ნამდვილად ვერ გაგრძელდება დიდხანს“.
ვინ აკონტროლებს ზაპოროჟიეს – დეტალები
უკრაინის მთავრობამ 4 მარტის დილას დაადასტურა, რომ გასულ ღამეს განხორციელებული დაბომბვის შემდეგ რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს (იგივე ენერგოდარის) ატომური ელექტროსადგურის დაკავება შეძლეს.
დავით არახამიამ, – რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინას წარმოადგენს, – იმავე დღეს ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა:
„ახლა ამ ბირთვულ ობიექტებზე, ატომურ ობიექტებზე სამოქალაქო პირებს აკონტროლებენ ეგრეთ წოდებული კადიროველები, ჩეჩენი მებრძოლები“.
მისი თქმით, „კადიროველებმა“ დახოცეს ობიექტის თანამშრომლები, რომლებიც იქ ათწლეულობის განმავლობაში მუშაობდნენ.
არახამია ასევე აცხადებს, რომ სანამ სადგური „კადიროველების“ ხელშია, უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ გასცემს:
„წუხელ, როდესაც დაიწყო შეტევა ობიექტებზე, ჩვენ ავუხსენით მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საერთოდაც, ჩვენ არ შეგვიძლია, – და ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთსაც კი არ შეუძლია, – გარანტიის მოცემა, რა არის მათ [„კადიროველების“] თავში“.
დეპუტატმა ასევე თქვა, რომ შიშობს, ატომურ ობიექტს შანტაჟისთვის გამოიყენებენ:
„შეიძლება, შემდეგ რუსეთიც დააშანტაჟონ, თქვან, „მიეცით დამოუკიდებლობა ჩეჩნეთს“ ან რაიმე მსგავსი. ერთი სიტყვით, ფაქტორივად, კონკრეტული ტერორისტულმა დაჯგუფებამ ჩაიგდო ხელში ბირთვული ობიექტები“, – განაცხადა დავით არახამიამ.
კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ბირთვულ ელექტროსადგურზე თავდასხმა არის ომის დანაშაული.
უკრაინა, როგორც საბჭოთა კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ბირთვული ელექტროსადგურები ააშენეს.
უკრაინაში ამჟამად 4 მოქმედი ბირთვული ელექტროსადგურია, მათ შორის, ხმელნიცკის, როვნოს, სამხრეთ უკრაინისა და ზაპოროჟიის, იგივე ენერგოდარის სადგურები. ეს უკანასკნელი კი ექვსი რეაქტორითა და გამომუშავებული ენერგიის მოცულობით, ევროპაში უდიდესია.
უკრაინას უკავშირდიება მსოფლიოს პირველი ბირთვული კატასტროფაც, რომელიც ჩერნობილის სადგურზე მოხდა. კატასტროფას გრძელვადიან პერსპექტივაში, ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბირთვული ენერგიის მკვლევრების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში განლაგებული რომელიმე ბირთვული რეაქტორი დაზიანდება, განმეორდება ჩერნობილის ტრაგედია და შესაძლოა, რომ კატასტროფის მასშტაბები გაცილებით დიდი იყოს.