დღეს, 3 მარტს, ონლაინ პრესკონფერენციის დროს, ბრიტანელმა ჟურნალისტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს რუსეთის მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულზე კითხვა დაუსვა:
“პოლინა ზახოდინსკაიაზე მინდა გკითხოთ, ის იყო კიევში, დაწყებით სკოლაში და რუსების თავდასხმის დროს მოკვდა. თქვენც გყავთ შვილი და შემომხედეთ თვალებში და მითხარით, როგორ გძინავთ ღამით იმის ცოდნით, რომ რუსული ტყვიები და ბომბები კლავენ ბავშვებს? საერთაშორისო სასამართლო დაიწყებს გამოძიებას ომის დანაშაულებზე და მზად ხართ თავდაცვისთვის?
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტი ემოციურობაში დაადანაშაულა.
“მხოლოდ თანაგრძნობა შემიძლია გამოვუცხადო დაღუპულთა ახლობლებს. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია და ნებისმიერი საბრძოლო მოქმედებები, სამწუხაროდ, მსხვერპლს იწვევს, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში. ჩვენი სამხედროებს, რომლებიც სპეციალურ ოპერაციაში მონაწილეობენ, მკაცრი ბრძანება მიღებული, რომ გამოიყენონ მხოლოდ მაღალი სიზუსტის იარაღი სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. სხვათაშორის, ჩვენ არ მოგვიგონია ტერმინი Collateral damage [თანმხლები ზიანი] ის ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მოიგონეს საკუთარი ავანტიურების დროს ერაყში და იქამდე კიდევ სხვა ქვეყნებში. ასეთივე ემოციურობით გაგიშუქებიათ ეს მოვლენები მაშინ?”
ამასთან, ლავროვი ამბობს, რომ უკვირის დასავლელი მედიის, რომელიც არასოდეს დაინტერესებულა დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის ტრაგედიით.
“მე დასავლეთის დიპლომატიურ ტალანტზე მეფიქრება. 14 ათასამდე ადამიანი დაიღუპა დონბასში უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში. დასავლურ მედიას აზრადაც არ მოსვლია დონბასში ჩასვლა და საკუთარი თვალით ნახვა იმ ადამიანებისა, რომელთაც უკრაინულმა რეჟიმმა ისინი ტერიტორისტებად გამოაცხადა და ყოველდღიური საფრთხის ქვეშ იყვნენ. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე შედით და იქ ნახავთ დეტალურად, რას აკეთებდნენ იქ უკრაინელი ნეონაცისტები”.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძროდა სეპარატისრული რეგიონების — ლუგანსკისა და დონეცკის — აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.