გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ კორონავირუსის „მესამე ტალღის“ პიკი გადავიარეთ. ყველაზე მძიმე პერიოდი უკან დარჩა, ველით ახალი შემთხვევების შემცირებას, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.
როგორც ცერცვაძე განმარტავს, ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია აღინიშნება, რაშიც ვაქცინაციამ „თავისი მცირე წვლილი შეიტანა“.
„ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია აღინიშნება. თუ იყო 1500-1700 შემთხვევის ფარგლებში, ახლა არის 1000-ის ფარგლებში. იმის თქმა, რომ ეს ვაქცინაციის შედეგია, ნაადრევია, თუმცა, ვაქცინაციამ თავისი მცირე წვლილი შეიტანა.
გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, „მესამე ტალღის“ პიკი გადავიარეთ. ყველაზე მძიმე პერიოდი უკან დარჩა. ველით ახალი შემთხვევების შემცირებას, რასაც შემდეგ მოჰყვება გარდაცვალების შემთხვევების შემცირება.
სანამ მასობრივ ვაქცინაციას მოვახერხებთ და მოსახლეობის 60-65% ს ავცრით, მანამდე, იმისთვის, რომ მესამე პიკი მართლა დავძლიოთ, ოპტიმიზმი გვქონდეს და არა ფრთხილი ოპტიმიზმი, საჭიროა რეგულაციების შესრულება. მითუმეტეს, მას შემდეგ, როდესაც პრაქტიკულად მოიხსნა შეზღუდვები, ერთადერთი „კომენდანტის საათი დარჩა“, ისიც შემსუბუქებული“,-აღნიშნავს ცერცვაძე.
როგორც ცერცვაძემ განაცხადა, ზაფხულის დადგომასთან ერთად მობილობა იზრდება, რაც გარკვეულ რისკებს ქმნის.
„პრაქტიკულად აღარ დარჩა სერიოზული შეზღუდვა. „კომენდანტის საათმაც“ ღამის 23:00 საათამდე გადაიწია. მაშინ, როდესაც ევროპის სხვა ქვეყნები ახლა იწყებენ შემსუბუქებას, ჩვენ ეს კარგა ხნის წინ დავიწყეთ.
თამამად შემიძლია ვთქვა, ზოგი რომ გვსაყვედურობს „ლოკდაუნის“ და შეზღუდვების ხარჯზე ინარჩუნებთ ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობასო“, ეს ასე არ არის.
თუ ვინმე შეადარებს შეზღუდვების შკალას, შეზღუდვები საქართველოში ბოლო თვეებში იყო ნაკლები, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში“,-აღნიშნავს ცერცვაძე.