პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე და ასევე ე.წ. პროფესიონალი წევრები ვერ აირჩია. პირველი კენჭისყრის კვორუმად დადგენილი ხმათა 2/3 - 100 ხმა, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
რიგგარეშე სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგები ასეთია: 82-მომხრე, 8-წინააღმდეგი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ჩავარდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ მეორე კანდიდატურას, გიორგი სანტურიანს მხარი მხოლოდ 2-მა დეპუტატმა დაუჭირა. მის წინააღმდეგ პარლამენტის 10-მა წევრმა მისცა ხმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ გია ცაცაშვილს 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხოლო მისი კანდიდატურის წინააღმდეგ 9 წევრმა მისცა ხმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობზე გია ცაცაშვილთან ერთად, წარმოდგენილი იყო ლელა ტალიურის კანდიდატურა, რომელსაც მხარი 16-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ერთმა მისი კანდიდატურის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ცესკოში მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ მაია ზარიძის კანდიდატურას ხმა პარლამენტის 81-მა წევრმა მისცა, ხოლო პარლამენტის 8 წევრმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. მაია ზარიძესთან ერთად წარმოდგენილ თამარ სართანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 27-მა წევრმა, ხოლო 16 დეპუტატი წინააღმდეგი იყო.
საარჩევნო კანონმდებლობაში გახორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას 100 ხმა სჭირდება.
იმ შემთხვევაში, თუ 2/3 -ით არჩევა ვერ მოხერხდა, კენჭისყრა კვლავ 2/3-იანი კვორუმით უნდა ჩატარდეს და არჩევა თუ მაინც ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება 3/5 ანუ 90 ხმა. პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თუ ამ კვორუმითაც ვერ აირჩია, მაშინ არჩევისათვის 76 ხმა საკმარისი იქნება.
ახალი კანონის მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.