ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, "მწვანე პასპორტის" რეგულაციას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაქცინაციის სტიმულირების ეფექტი ჰქონდა, თუმცა ამ ეტაპზე სტიმულირებისთვის სხვა მექანიზმებია გასააქტიურებელი.
ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მწვანე პასპორტს“ გარკვეული პერიოდი ვაქცინაციის სტიმულირების ეფექტი ჰქონდა, თუმცა ეს ეფექტი გაჩერდა. ყველაზე კარგი გამოცდილება, რომელსაც ვაკვირდებით, ჩვენი პრაქტიკის მაგალითზე, ზოგიერთ ქვეყანას, რომელსაც ვაქცინაცია 20% აქვს, არც არასდროს მოუფიქრებია „მწვანე პასპორტის“ შემოღება. გამომდინარე აქედან, დღეს მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის წახალისებისთვის, ის ეფექტიანი მექანიზმები გამოვიყენოთ, რომელიც რეალურად მუშაობს და ეს ფინანსური სტიმულირებაა როგორც ბუსტერ დოზებზე, ასევე 50 წელს ზემოთ პირების პირველად ვაქცინაციაზე. ამ ტიპის წახალისების პროგრამა გაგრძელდა და ასევე ვაქცინაციის წახალისებისთვის ჩვენ ვმუშაობთ, როგორც უშუალო კომუნიკაციის ფორმატში, ასევე ადგილებზე ვაქცინაციის ფორმატში.
„მწვანე საშვმა“ შეასრულა ის ფუნქცია, რაც შეეძლო რომ შეესრულებინა ვაქცინაციის სტიმულირების კუთხით, ახლა ამ ყველაფერს საჭიროა სხვა კუთხით შევხედოთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს უწყებათშორისმა საბჭომ ქვეყანაში „მწვანე პასპორტის“ ვალდებულების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.