ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ის დაწესებულებები, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, განსაკუთრებით თბილისში არ არის საკმარისი, რომ მოთხოვნა სრულად დააკმაყფილოს.
მისივე განმარტებით, „სინოვაკის“ დოზები თბილისში საკმარისია, თუმცა რიგ შემთხვევაში ვერ ხერხდება დარეგისტრირება. ვაქცინებზე მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად ვაქცინაციის პროგრამაში სამედიცინო დაწესებულებები ეტაპობრივად დაემატება.
,,ვაქცინაციის პროგრამა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. კარგია, რომ ბოლო პერიოდში 5000-მდე ადამიანი იტარებს ვაქცინაციას ყოველდღიურად. მაგრამ, რომ მივაღწიოთ სამიზნეს - მოსახლეობის 60%-ის აცრას წლის ბოლომდე, დღეში 20-25000 ადამიანის აცრა მოგვიწევს დღის განმავლობაში. იმედის მომცემი სურათი არის ვაქცინების მოწოდების ტენდენციასთან დაკავშირებით. ჩვენ შეთანხმებები გვაქვს სხვადასხვა მომწოდებლებთან, რაც ჯამურად ქმნის 3.7 მილიონ დოზას, რაც ჩვენ გვჭირდება მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციისათვის. თუმცა, უკვე დაწყებულია მუშაობა მოზარდების ვაქცინაციაზეც და მოგვიწევს ფიქრი იმაზე, რამდენად შევძლებთ მოზარდებზე ვაქცინაციის გავრცობას.
პირველი ეტაპი „ფაიზერთან“ მოლაპარაკებების დასრულებულია, ვმუშაობთ მეორე ეტაპზე და მალე გვექნება შესაძლებლობა საზოგადოებას კონკრეტული დეტალები გავაცნოთ. დავასახელებთ იმ თარიღს, როდის ჩამოვა „ფაიზერის“ მილიონზე მეტი დოზა. ასევე მიდის მუშაობა „სინოფარმთან“, „სინოვაკთან“ დამატებითი დოზების მობილიზაციაზე და კოვაქსის პლატფორმიდან „ჟოჰნსონ&ჟოჰნსონ-ის და „ნოვოვაქსის“. „ნოვოვაქსის“ შემოსვლის პერიოდს სექტემბრიდან ასახელებს კოვაქსის პლატფორმა. ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების, ამისი ადმინისტრირებისთვის განიხილება დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების და პროგრამაში ჩართვის საკითხი. ის დაწესებულებები, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, განსაკუთრებით თბილისში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნა სრულად. დღეს „სინოვაკის“ დოზებიც არის თბილისში საკმარისი, თუმცა რიგ შემთხვევაში ვერ ხერხდება დარეგისტრირება, რიგის დაჯავშნა, რადგანაც არ არის შესაბამისი ადგილები, შესაბამისად, ეს დაწესებულებები ეტაპობრივად დაემატება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.