ლია შველიძე (1959) საქართველოში ერთ-ერთი იმ ცნობილ მხატვართაგანია, რომლის შემოქმედაბაც 1980-იანი წლებიდან დღემდე აქტიურად იფინება სხვადასხვა მუზეუმებსა და გალერეებში. მხატვრის ნამუშევრები დაცულია როგორც სახელმწიფო ისე კერძო ფონდებსა და კოლექციებში. 1987-1991 წლებში ლია შველიძე აქტიურად მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოში ჯგუფ „მე10 სართულის“ მხატვრებთან ერთად. მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივალებსა და ჯგუფურ გამოფენებში, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. მხატვრის შემოქმედებით ცხოვრებაში განსაკუთრებული, საეტაპო მნიშვნელობისაა 1994 წელს საქართველოს ხელოვნების მუზეუმში და 2016 წელს ქ. ბაქოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წარდგენილი პერსონალური ექსპოზიციები, ასევე 2000-2003 წლებში „ძველ გალერეა“-ში გამართული გამოფენების სერია „დაჯექი“ .
ლია შველიძის ადრეული ნამუშევრები ინსპირირებულია ისეთი მხატვრული მიმდინარეობებით როგორიცაა პოპ არტი და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი. მხატვარი 1980-1990 იანი წლებში მუშაობს დიდი ფორმატის ტილოებზე, რასაც 2015 წლიდან კვლავ უბრუნდება. სამხატვრო აკადემიის დასრულებისთანავე მხატვარი აქტიურად იწყებს ექსპერიმეტირებას ფორმასა და მასალაში. ამ პერიოდის ნამუშევრები განსაკუთრებული ექსპრესიით გამოირჩევა. მიუხედავად არაერთი ნამუშევრისა, სადაც წამყვანი აბსტრაქტულ-დეკორატიული ფორმაა, ფიგურატიული სტილი მხატვრისთვის დომინანტური რჩება, ხოლო მისი შემოქმედების მთავარი პერსონაჟი ყოველთვის ქალია.
პერსონალურ გამოფენაზე „THE GAZE” წარმოდგენილი ნამუშევრები სხვადასხვა პერიოდშია შესრულებული. ამდენად, განსხვავებულია სურათის შესრულების ტექნიკა, მასალა, კონტექსტი, თუმცა მხატვრის მზერა ისევ და ისევ „უცნობი დების“ სახეებს უბრუნდება, მათ გზადაგზა შეიმეცნებს და მაყურებელსაც საკუთარი ხედვის არეალში ამოგზაურებს. და მაინც, ვინ არიან მხატვრის „უცნობი დები“? ლია შველიძე უცნობ ქალებს სხვადასხვა დროს გასნხვავებული რაკურსით წამორგვიდგენს. ის არ მოგვითხრობს მათი ცხოვრების ამბებს, და არც მათი როლისა ან ადგილის შესახებ ცდილობს სიუჟეტის განვითარებას. მხატვრის ინტერესი ცხოვრების შემეცნებაა, რომელსაც ის ქალის მზერით უყურებს და ემოციებს მხატვრულ ფორმაში გარდასახავს. შიშის, სიხარულის, მარტოობის, მონატრების განცდას მის მხატვრობაში განსხვავებული ფორმა და ფერი აქვს. მხატვარი სვამს კითხვებს საკუთარი თავის და დამთვარიელებლის წინაშე, ხშირად კომპოზიციის სტრუქტურაში ჩართულია ტექსტიც, როგორც მისი მხატვრული და შინაარსობრივი აქცენტის განმსაზღვრელი ელემენტი. აბსტრაქტული, ხშირად ერთგვაროვანი ფერის ფონზე მხატვრის ქალთა სახეები განსაკუთრებული მონუმენტურობითა და მნიშვნელოვანებით გამოირჩევა.
ლია შველიძის შემოქმედებაში ქალის სახე კონკრეტულისა და ზოგადის ზღვარზე დგას. ის ნაცნობი, მაგრამ ამავდროულად უცხო და განყენებულია. სწორედ ამ „ზღვრულობაში“ ხვდება ერთმანეთს მხატვრის და მაყურებლის მზერა.
ლია შველიძის პერსონალური გამოფენა ,,მზერა“ ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა.