კომპანია „მეტა“ ევროპაში სოციალურ ქსელ „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის საკითხზე მუშაობს. როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, კომპანიაში შიშობენ, რომ ევროკავშირის ახალი წესები, რამაც სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსება უნდა დაარეგულიროს, რთული შესასრულებელი იქნება.
გამოცემის ცნობით, ბრიუსელში მარეგულირებლები უკვე მუშაობენ ახალ წესებზე, რაც აიძულებს ინტერნეტჯგუფებს, მეტი ინფორმაცია გაამხილონ პოლიტიკური ჯგუფების, ონლაინკამპანიებისა და მათი სამიზნე აუდიტორიის შესახებ.
როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, მარკ ცუკერბერგის კომპანიაში მიაჩნიათ, რომ, ევროკავშირის ახალი წესებით, პოლიტიკური რეკლამის განსაზღვრება ძალიან ფართო იქნება და ამიტომ უფრო იოლი გახდება ასეთ რეკლამაზე საერთოდ უარის თქმა.
გამოცემა წერს, რომ ევროპაში სოციალურ ქსელებში პოლიტიკურ რეკლამაზე უარის თქმა ასევე განპირობებულია იმით, რომ მომხმარებლებს მსგავსი ტიპის მასალა ძირითადად არ აინტერესებთ, ხოლო პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავლები ძალიან მწირია. მაგალითისთვის, „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რომ 2019-2020 წლებში კომპანიამ 800 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო პოლიტიკური რეკლამიდან, რაც „მეტას“ საერთო წლიური შემოსავლის მხოლოდ ერთ პროცენტს შეადგენს.
როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, ევროპაში სოციალურ ქსელებში პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას „მეტა“ მას შემდეგ მიიღებს, რაც ევროკავშირი ამ სახის რეკლამის რეგულირების ახალ წესებს შეიმუშავებს. ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ახალი წესები 5 ივნისამდე უნდა შეათანხმონ.