
იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა - რეგიონებში მცხოვრები, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტები, ძვირადღირებულ სამკურნალო ედიკამენტებს მიიღებენ. ბენეფიციარებს, ასევე, დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება და მაგნიტურ - რეზონანსული კვლევები.
ჯანდაცვის მინისტრი, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა - სახელმწიფო დაფინანსებასა და ახალ სერვისებზე, მიხეილ სარჯველაძემ, მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სიახლის შედეგად, ყველა პაციენტს, საჭირო მკურნალობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ექნება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს, ამასთან, ბენეფიციარებსა და მათ ოჯახებს, მნიშვნელოვანი ფინანსური წნეხისგან გაათავისუფლებს.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ, წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული, უმაღლესი ხარისხის მამოდიფიცირებელი მედიკამენტები „ოკრევუსი“ (ხსნარი) და „გილენია“ (აბები) უკვე შეიძინა. პაციენტებს, უფინანსდებათ აღნიშნული მედიკამენტები, რომლებიც ინდივიდუალურად, დიაგნოზის სპეციფიკის გათვალისწინებით ენიშნებათ. ასევე, „ოკრევუსის“ ხსნარის შემთხვევაში, ფინანსდება მისი გადასხმა ან კანქვეშა ინიექცია, რომელიც დღის სტაციონარში ტარდება. ბენეფიციართა ფინანსური მხარდაჭერისთვის, მკურნალობის მონიტორინგისა და მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით, პაციენტებს, საჭიროების მიხედვით, უფასოდ ჩაუტარდებათ თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები.
პროგრამა, ასევე, მოიცავს, დღის სტაციონარის პირობებში, მედიკამენტ „მეთილპრედნიზოლონით“ მკურნალობის კომპონენტს, რომელიც დაავადების გამწვავების შემთხვევაში დაინიშნება და რულად დაფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქსა და აჭარაში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის, პროგრამას ადგილობრივი მთავრობა ახორციელებს. პროგრამაში ჩასართავად, პაციენტმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, წარმოადგინოს ფორმა #100 და პროგრამაში რეგისტრაციის შემდეგ, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება, აფთიაქიდან გაიტანოს კუთვნილი მედიკამენტი, სამედიცინო სერვისებისთვის კი მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.
გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკულ, პროგრესირებად დაავადებას წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა ფუნქციის შეზღუდვას იწვევს, მკურნალობა კი, ნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს.