გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ვასილ გედევანიშვილის განცხადებით, ბაღდათში, სტიქიის ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოდან გეოლოგების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.
მისივე თქმით, მიმდინარეობს დეტალური შესწავლა, ანალიზი, ხომ არ არსებობს რაიმე დამატებითი საშიშროება. როგორც ვასილ გედევანიშვილმა აღნიშნა, სააგენტო დეტალურ დასკვნას უახლოეს მომავალში გაავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ მომხდართან დაკავშირებით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. როგორც ცნობილია, წუხელ ღამით განვითარდა ქვეზვავური ტიპის მეწყერი. დაახლოებით 150 000 კუბური მეტრის მასა ჩამოიშალა კლდიდან, რამაც გამოიწვია საცხოვრებელი სახლების დანგრევა, დაზიანება. მეწყერი განვითარდა მყისიერად, ამ მოვლენის თავიდან აცილება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ჩვენ ყოველწლიურად ვახორციელებთ საფრთხეების შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღვნიშნავთ პოტენციურ საფრთხეებს, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია საქართველოში და რამდენიმე ათეულ ათასს აღემატება. კონკრეტულ შემთხვევაში, უშუალოდ ეს ფერდობი არ ყოფილა შეფასებული. სოფელში უამრავი ფერდობი არსებობს, საფრთხეები შეფასებული გვაქვს მთლიანი სოფლის მასშტაბით. მომზადებულ ინფორმაციაში ნახავთ სხვა სოფლებსაც. ბუნებრივია, რისკები არსებობს და გარემოს ეროვნული სააგენტო, უცხოელ ექსპერტთან ერთად, აქტიურად მუშაობს, რომ მეტი დეტალიზაცია მოახდინოს. სოფლის დაცლის რეკომენდაცია არ ყოფილა გაცემული, რადგან ასეთი ტიპის რეკომენდაციას სჭირდება დამატებითი კვლევები. სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რათა მაქსიმალურად მოვახდინოთ მეწყრულად აქტიური უბნების იდენტიფიცირება“, – განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის განმარტებით, კლიმატურ ცვლილებებთან ერთად, გახშირდა სტიქიური მოვლენები როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.
„გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მასშტაბურია პროცესები, გახშირდა ეს მოვლენები. კლიმატის ცვლილებებთან ერთად, იზრდება რისკები, ყველა კონკრეტული ლოკაციის შესწავლა საკმაოდ რთულია“, – აღნიშნა ვასილ გედევანიშვილმა.
ვასილ გედევანიშვილის განცხადებით, პოტენციურ საფრთხეებს სჭირდება დამატებითი კვლევა, შესწავლა. მისივე თქმით, არ არსებობს მსოფლიოში სისტემა, რომელიც განსაზღვრავს, ზუსტად როდის, რა ლოკაციაზე განვითარდება მეწყერი.
„დამატებით კვლევებში ვგულისხმობ თითოეული პოტენციურად მეწყრული არეალის დამატებით ანალიზს, რათა შევაფასოთ რისკი, თუმცა ესეც არ აზღვევს რისკს ბოლომდე. სამწუხაროდ, სტიქიასთან ბრძოლაში უძლურები ვართ. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ასეთი რისკები დავაზღვიოთ, რაც ძალიან რთულია და, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელიც“, – განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.
ამასთან, როგორც ვასილ გედევანიშვილმა აღნიშნა, კონკრეტულად რაიმე განცხადება, შეტყობინება ოჯახებიდან არ ყოფილა შემოსული, არსებობდა ერთადერთი განცხადება, რომელიც მიმდებარე ფერდზე ქვათაცვენას უკავშირდებოდა.