საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს გამოწვევების შესახებ, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზეც აღნიშნა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით შესაბამისი ექსპერტების მხრიდან საბოლოო დასკვნებს ელოდებიან.
ამასთან, როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, კლინიკასთან დაკავშირებით გარკვეული პროტესტი შესაძლოა, ცუდი კომუნიკაციის შედეგად იყო, რის გამოც კომუნიკაციის ფორმებზე შეთანხმდნენ.
„დეტალურად გავიარეთ გამოწვევები, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს. მათ ღიად დავუდასტურე, რაც დღემდე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი შეფასებები არ ითვალისწინებდა მყისიერად რეაბილიტაციის დაწყებას ან შენობის დემონტაჟს. სხვადასხვა ექსპერტის მხრიდან ველოდებით საბოლოო დასკვნებს, ხოლო ჩვენი კომენტარები იყო პირველადი შეფასებებიდან გამომდინარე. შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმებზე. გასული პერიოდის განმავლობაში შესაძლოა, ცუდი კომუნიკაციის მიზეზით იყო, რომ გარკვეული პროტესტი არსებობდა, რაც ჩემთვის სრულიად გასაგებია. შევთანხმდით, რომ ეტაპობრივად გავაცნობთ ინფორმაციას და მათთან ერთად შევჯერდებით გადაწყვეტილებაზე – კლინიკის დემონტაჟი იქნება, რეაბილიტაცია თუ სართულების ცვლილება. ვფიქრობთ, პირველ ეტაპზე დასკვნა გვექნება ამ კვარტლის ბოლოს ან მესამე კვარტლის დასაწყისში. 4-5 ტიპის სხვადასხვა დასკვნას ველოდებით როგორც სამხარაულის ეროვნული ბიუროდან, ასევე ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ექსპერტის და კონსულტანტის ჩართულობით კეთდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ზურაბ აზარაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები სამსახურის გარეშე არ დარჩებიან.
„მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ თბილისში სახელმწიფო უნდა იყოს წარმოდგენილი მძლავრი, დაახლოებით 500-საწოლიანი მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე კლინიკით. ჩვენ ყველა რესურსს გამოვიყენებთ, რომ სწორად, ეფექტიანად გავხარჯოთ საბიუჯეტო თანხები, ასევე, ქვეყანას ძალიან მალე შესაბამისი დონის კლინიკა ჰქონდეს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რესპუბლიკური საავადმყოფო ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. იყო კითხვები შესყიდვებთან დაკავშირებით, რაზეც იქვე დავადასტურეთ, რომ არანაირი პრობლემა არ არის და პაციენტების მიღებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. რესპუბლიკური საავადმყოფოც მოექცევა იმ სტანდარტების მიღების პროცესებში, რაც კლინიკებს 2025 წლიდან სავალდებულოდ დავუწესეთ. ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით სერიოზული გამოწვევა შეიძლება, მოკლევადიანად მოგვარდეს, თუმცა ერთჯერადად გაწეული ხარჯები, ინვესტიციები პრობლემას გრძელვადიანად ვერ აგვარებს. არანაირი საშიშროება არ არსებობს, რომ სამსახური დაკარგონ, ხელფასის გარეშე დარჩნენ, კლინიკა დაიშალოს და ჩვენ ყურადღება არ მივაქციოთ ან პაციენტი მიიყვანონ და ვერ მოემსახურონ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიმართა და მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.