საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რამდენი იქნება სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი სხვადასხვა კატეგორიის პაციენტისთვის.
მისივე თქმით, დადგენილებაში შესული ცვლილებების თანახმად, რამდენად ძვირად ღირებულიც არ უნდა იყოს სამედიცინო ჩარევა, პაციენტს მოუწევს, მაქსიმუმ, იმ საფასურის გადახდა, რაც დადგენილებით არის განსაზღვრული.
ამასთან, როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აგრეთვე დამტკიცდა სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებას.
„პირველი დადგენილება ეხება არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებით სტრატეგიის შემუშავებასა და დამტკიცებას, 2026-2030 წლისთვის რა შედეგებს უნდა მივაღწიოთ არაგადამდები დაავადებების შემცირების კუთხით. სამწუხაროდ, გარდაცვალების უდიდიდესი ნაწილი არაგადამდები დაავადებებით არის გამოწვეული. მეორე დადგენილება ეხებოდა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დადგენილებაში ცვლილების შეტანას. ძველ დადგენილებაში იყო რამდენიმე ჩანაწერი, რომელიც პაციენტების მხრიდან მხოლოდ პროცენტულ თანაგადახდებს განსაზღვრავდა. მაგალითად, სოციალურად დაუცველის შემთხვევაში, ეს ნული პროცენტია და სახელმწიფო სრულად აფინანსებს სამედიცინო ჩარევებს. პენსიონერების შემთხვევაში – 10 პროცენტი, ბავშვების შემთხვევაში – 20 პროცენტი და 40 000 ლარამდე წლიური შემოსავლის შემთხვევაში – 30 პროცენტი.
ჩვენ განვსაზღვრეთ მაქსიმალური ჭერი. ანუ სოციალურად დაუცველის შემთხვევაში ისედაც ნული იყო თანაგადახდა და, რასაკვირველია, ეს ასევე დარჩა, პენსიონერის შემთხვევაში – 10 პროცენტი და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში, მათი თანაგადახდის წილი არაუმეტეს 500 ლარი იქნება, 18 წლამდე ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემთხვევაში – 20 პროცენტი და არაუმეტეს 1 000 ლარი, სხვა დანარჩენის კი, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც 3 500 ლარზე ნაკლებია, 30 პროცენტი იქნება, არაუმეტეს 1 500 ლარისა.
აგრეთვე, სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ, რაც ასევე კონტროლს უფრო ეფექტიანს გახდის. ასევე, ცვლილებები შევიტანეთ კლინიკებს შორის დიარჯის დაგენერირებული თანხების გადანაწილებაზე. მაგალითად, თუ ერთ კლინიკაში მიიყვანეს პაციენტი, ამ კლინიკამ დაასტაბილურა და შემდეგ, რადგანაც სრული სერვისი არ აქვს, მოუწია გადამისამართება სხვა კლინკაში, 10/90-ის პრინციპით მოხდება დაანგარიშებული თანხის გაყოფა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება.