საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პანდემიის შესახებ სიახლეებზე საუბრობს და და განმარტავს, რომ ვაქცინის ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში ადამიანი ჰოსპიტალიზაციისგან 70%-ით არის დაცული.
„2022 წლის პირველი „კოვიდ-ამბები“, რა თქმა უნდა, კარგი ამბებით უნდა დავიწყო.
ქვემოთ მოცემული გრაფიკა აჩვენებს ლონდონის რეანიმაციული საწოლების მდგომარეობას 2013 წლიდან დღემდე. ლურჯი ფერის გრაფიკა არის შარშანდელი მდგომარეობა (როცა ვაქცინაცია არ იყო - იანვარ-თებერვალში) და დღევანდელი მდგომარეობა ასახულია შავი გრაფიკით, სადაც ნათლად ჩანს, რომ ვაქცინაცია მუშაობს .
დიახ, კოვიდის „ომიკრონი“ აფეთქება კი არის ლონდონში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი (71% ორჯერ ვაქცინირებული და 51% ბუსტერით ვაქცინირებული) იცავს ადამიანებს რეანიმაციაში მოხვედრისგან. ეს არის ფაქტი.
ბუსტერდოზები 70%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან (საავადმყოფოში არ მოხვდებით)
კოვიდის „ომიკრონის“ ვარიანტი, „დელტასთან“ შედარებით, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და დამძიმება/საავადმყოფოში გადაყვანა/მკურნალობა 3-ჯერ ნაკლებია, ანუ „დელტა“ ვარიანტის დროს 50 ინფიცირებული ადამიანიდან 9 ადამიანს სჭირდებოდა ჰოსპიტალში გადაყვანა სამკურნალოდ, „ომიკრონის“ დროს კი მხოლოდ 3 ადამიანს თუ დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია.
გახსოვდეთ, „ომიკრონი“ არის კორონა ვირუსი და პოსტკოვიდური მდგომარეობა ისევ გამოწვევად რჩება ყველასთვის, ვინც გადაიტანა კორონა სიმპტომურად (გამოხატულად ჩანდა, რომ ავად იყავით - სიცხე, სურდო, კუნთების ტკივილი, კანზე გამონაყარი და ა. შ.), თუ უსიმპტომოდ (არაფერი გაწუხებდათ, მხოლოდ ტესტმა აჩვენა, რომ კორონათი ინფიცირებული ხართ).
დაიცავით საკუთარი თავი, დაიცავით თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები და ყველაფერი კარგად იქნება." - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.