2021 წლის განმავლობაში საქართველოში დღეში საშუალოდ 123 ბავშვი იბადებოდა, მაგრამ გარდაცვლილთა რაოდენობა ამაზე გაცილებით მეტი იყო - დღეში 160 ადამიანი. ასეთი მკვეთრი დისბალანსი გარდაცვლილებსა და დაბადებულებს შორის საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არ ყოფილა.
BMG-მ გასული წლის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა დაბადებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკა. თავის მხრივ, სამინისტრო სტატისტიკის მომზადება NCDC-ს დაავალა - 11 თვის მონაცემებით, შარშან იანვარ-ნოემბერში 53,444 ადამიანი გარდაიცვალა. ეს 1994 წლიდან მოყოლებული ნებისმიერი სრული წლის სიკვდილიანობის სტატისტიკაზე გაცილებით მეტია. უშუალოდ კორონავირუსმა გასული წლის განმავლობაში 11,295 ადამიანი იმსხვერპლა. შედარებისთვის, 2020 წელს ვირუსმა 2,505 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
შობადობის კლება:
2021 წელს საქართველოში შემცირდა შობადობა, 2021 წლის 11 თვეში სულ 41,043 ბავშვი დაიბადა. თუკი დავუშვებთ, რომ დეკემბერშიც დაახლოებით იმდენი ბავშვი დაიბადა, რამდენიც ნოემბერში, მაშინ გამოდის, რომ ჯამურად 2021 წელს ქვეყანაში 44,832 ბავშვი დაიბადა, ეს კი სტატისტიკის აღრიცხვის დაწყების (1994 წლის) შემდეგ შობადობის ყველაზე მცირე რაოდენობაა. გასული 11 თვეში საქართველოს ბუნებრივი მატება მინუს 12,401 იყო, რაც ასევე რეკორდულად ცუდი მაჩვენებელია.
2021 წლის ჯამური სიკვდილიანობა:
შესაძლებელია 2021 წლის სრული სიკვდილიანობის სტატისტიკის მაღალი სიზუსტით დათვლაც. მხოლოდ დეკემბერში COVID-19-მა 1,746 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო პანდემიის დაწყებამდე დეკემბერში საშუალოდ 4,098 ადამიანი იღუპებოდა. ამ ორი სიმრავლის ჯამით გამოდის, რომ გასული წლის ბოლო თვეში 5,844 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მთელი 2021 წლის განმავლობაში კი საქართველოში 59,000-ზე მეტი (59,288 ადამიანი) გარდაიცვალა. ამ დაშვებით, გასულ წელს ბუნებრივი მატება მინუს -14,456 იყო.
რამდენი ადამიანი იბადებოდა და იღუპებოდა წინა წლებში ყოველდღიურად:
2018 წელი - დღეში იბადებოდა 140 ადამიანი; იღუპებოდა 127 ადამიანი;
2019 წელი - დღეში იბადებოდა 132 ადამიანი; იღუპებოდა 128 ადამიანი;
2020 წელი - დღეში იბადებოდა 127 ადამიანი; იღუპებოდა 138 ადამიანი;
2021 წელი 11 თვე (ფაქტი) - დღეში იბადებოდა 123 ბავშვი; იღუპებოდა 160 ადამიანი;
2021 წელი 12 თვე (დაშვება) - დღეში იბადებოდა 123 ადამიანი; იღუპებოდა 163 ადამიანი;
NCDC-ის ხელმძღვანელი დემოგრაფიულ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს.
დემოგრაფიული ვითარების დამძიმებაზე BMG-იმ რამდენიმე კვირის წინ კითხვა NCDC-ის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს დაუსვა.
“ეს ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო მონაცემია წელს. მოგეხსენებათ, 2021 წელს და 2020 წელსაც კოვიდის გავლენა სერიოზულია, როცა ნაკლები ბავშვი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა ანუ ბუნებრივი ნამატი არ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები ბოლო ათწლეულებია გვაქვს და ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ქვეყნის, მაგრამ პანდემიამ საკუთარი როლი ითამაშა იმაში, რომ ბოლო ორი წელია ბუნებრივი ნამატი არ გვაქვს. წელს ე.წ. მინუს ბალანსმა, სამწუხაროდ, მოიმატა და ამას სერიოზული ანალიზი დასჭირდება”, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
მოსახლეობის რაოდენობა, სავარაუდოდ, შემცირდა
2021 წელს მაღალი ალბათობით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა. თუკი 2021 წლის 1 იანვარს ქვეყანაში 3,726,800 ადამიანი ცხოვრობდა, მხოლოდ ნეგატიური ბუნებრივი მატების გამო, ის 3,712,344-მდე შემცირდებოდა, ხოლო თუკი მიგრაციული სალდოც უარყოფითი იყო, ის შეიძლება 3,700,000-ზე ქვემოთაც ჩასულიყო.
საქსტატი 2021 წლის დემოგრაფიულ ანგარიშს 2022 წლის 29 აპრილს წარადგენს, რითიც დაზუსტებული მონაცემები გახდება ცნობილი.
წყარო: BMG