ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 2 მწვანე პასპორტი განპირობებული იყო იმით, რომ მთავრობაში ზოგიერთმა პირმა ანგარიში გაუწია "სხვადასხვა ძალებს". მისი თქმით, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო ადამიანების უკმაყოფილება შეარბილა. როგორც ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში აღნიშნა, თავად მომხრე იყო მწვანე პასპორტი გაეცათ მათთვის, ვისაც გადატანილი ჰქონდა კოვიდი და არ იყო გასული 6 თვე.
"2 მწვანე პასპორტი იმით იყო განპირობებული, რომ მთავრობაშიც ადამიანები არიან სხვადასხვა მოსაზრებით და ანგარიშს უწევენ სხვადასხვა ძალებს. ვინც ეს დაუშვა და მიიღო გადაწყვეტილება მათი შეხედულებით სწორი იყო. ჩემი შეხეულებით, არ იყო სწორი, მე მივცემდი მხოლოდ მათ, ვისაც გადატანილი აქვს 6 თვის მანძილზე, რამეთუ 6 თვის შემდეგ დიდია ალბათობა, რომ იმუნიტეტი არ მუშაობდეს. ასე ნუ განვსჯით, რადგან პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მწვანე პასპორტი არ არის რაღაც გადამწყვეტი დოკუმენტი და იქ პირობა 6 თვე ჩაიდება თუ სამუდამო, 2 აცრა თუ 3 აცრა თუ როგორ, თავიდან მაინც ამ დეტალებზე მეტი ყურადღება მახვილდებოდა, ახლა როგორ არის იცით? მწვანე პასპორტი განიხილება როგორც ინსტრუმენტი ვაქცინაციის წახალისებისთვის", — თქვა მან.
ცერცვაძემ ასევე ისაუბრა, რომ იდეალური არაფერია, მათ შორის არც უვადო მწვანე პასპორტი.
საქართველოში მწვანე პასპორტები პირველ დეკემბერს ამოქმედდა. ქვეყანაში 2 აპლიკაცია მუშაობს მწვანე პასპორტის ასაღებად და შესაბამისად, ორი ტიპის მწვანე საშვი გვაქვს. ერთს ევროკავშირი აღიარებს და ამ აპლიკაციით მწვანე პასპორტს ვერ აიღებენ ისინი, ვინც კორონავირუსი 6 თვეზე მეტი ხნის წინ გადაიტანა. სწორედ ამიტომ შეიქმნა მეორე აპლიკაცია, სადაც იმ პირების კოდებიც ჩანს, ვისაც კორონავირუსი დიდი ხნის წინ აქვს გადატანილი.
ე.წ. უვადო მწვანე პასპორტი კორონაგადატანილებისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის საგანი მაშინვე გახდა.