ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს მიმდინარე წელს, ვერ მოხდა თანხების ათვისება და არსებობს რისკები რესურსების არაეფექტიანად გახარჯვის თაობაზე. უწყების განმარტებით, ბიუჯეტში საგანგებოდ გამოთავისუფლებული ეკონომიები მიიმართა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
"აუდიტის სამსახურის ანგარიშის თაობაზე დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრო საზოგადოების ინფორმირებისთვის მიზანშეწონილად მიიჩნევს გააკეთოს დამატებითი განმარტება. არასწორია ინფორმაცია, თითქოს მიმდინარე წელს, ვერ მოხდა თანხების ათვისება და არსებობს რისკები რესურსების არაეფექტიანად გახარჯვის თაობაზე. რეალური სურათი, რომელიც უკავშირდება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს არის შემდეგი: პანდემიის პირობებში, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მიმდინარე წელს ცვლილებები შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში, რის შედეგადაც 600 მლნ ლარით შემცირდა ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და შემცირდა იმგვარი პროგრამების დაფინანსება, რომელთა ათვისებაც დაწესებული შეზღუდვების გამო აღარ განხორციელდა და აღნიშნული თანხები მაქსიმალურად მიიმართა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო სხვადასხვა ღონისძიების დასაფინანსებლად, როგორც სოციალური ისე ჯანდაცვის მიმართულებით.
რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის სექტემბრიდან საქართველოში, ისევე როგორც ევროპის და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, COVID-19-ის პანდემიის გავრცელება და ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, აღნიშნული ტენდენცია კვლავ გაგრძელდა და დღესაც, ბიუჯეტის ხარჯვა მაქსიმალური შეზღუდვებით მიმდინარეობს იმისათვის, რომ არსებული ეკონომიები ერთი მხრივ, მოხმარდეს ანტიკრიზისული პაკეტებით განსაზღვრულ ღონისძიებებს, მეორე მხრივ, მიმდინარე წლის ბოლომდე შემცირდეს საბიუჯეტო დეფიციტი. აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობებს, სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, მიიმართოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვითი ღონისძიებების მხარდაჭერისკან",-აღნიშნავენ უწყებაში.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშზე მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, პირველ ორ კვარტალში მთავრობამ 445 მლნ ლარი ვერ აითვისა და მსგავსი ტენდენცია ნარჩუნდება მესამე კვარტალშიც. „თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ გასულ წლებში გადასახდელების ათვისება წლის ბოლო 4 თვის განმავლობაში თანაბარზომიერად არ მიმდინარეობდა და ძირითადად კონცენტრირებული იყო დეკემბერზე, ასევე იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წლის 8 თვეში ათვისების ტენდენციები წინა წლების შესაბამისი პერიოდის მსგავსია, 2020 წლის ბოლოსაც მოსალოდნელია ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების მნიშვნელოვანი ზრდა. აღნიშნული კი ქმნის საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად გახარჯვის რისკს“,-აღნიშნულია აუდიტის სამსახურის მოხსენებაში.