უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში დღევანდეილი მოლაპარაკების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებიდან სიგნალი პოზიტიურია, თუმცა მხოლოდ კონკრეტული შედეგის ნდობა შეიძლება.
"სიგნალებს, რომლებიც მოლაპარაკების ადგილიდან მოდის, შეიძლება ეწოდოს დადებითი. მაგრამ ეს სიგნალები არ ახშობს რუსული ჭურვების აფეთქებებს. ცხადია, ჩვენ ყველა ვხედავთ რისკებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ვენდოთ სიტყვებს, იმ სახელმწიფო წარმომადგენლებისგან, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ჩვენი განადგურებისთვის. უკრაინელები გულუბრყვილო ხალხი არ არიან. უკრაინელებმა ამ 34 დღის განმავლობაში და დონბასში ომის ბოლო რვა წლის განმავლობაში, უკვე ისწავლეს, რომ მხოლოდ კონკრეტული შედეგის ნდობა შეიძლება",– განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს, 29 მარტს გაიმართა. შეხვედრაზე უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები, ასევე ის ქვეყნები დაასახელა, რომელიც უსაფრთხოების გარანტორად უნდა იქცნენ. ამასთან, შეხვედრაზე უკრაინამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები წარადგინა.