აშშ-ის ევროპული სარდლობის უფროსი გენერლის, ტოდ უოლტერსის განცხადებით, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაში „შესაძლოა იყო ხარვეზი, რამაც გამოიწვია ის, რომ აშშ-მა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმამდე, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები გადაჭარბებულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები კი არასათანადოდ შეაფასა.
აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე ტოდ უოლტერსს სენატორმა როჯერ ვიკერმა ჰკითხა, იყო თუ არა დაზვერვის ხარვეზი, რამაც გამოიწვია ის, რომ აშშ-მა რუსეთის ძლიერება გადაჭარბებულად, უკრაინის თავდაცვა კი არასაკმარისი შეაფასა.
”შეიძლება იყო. როდესაც ეს კრიზისი დასრულდება, ჩვენ განვახორციელებთ ყოვლისმომცველ მიმოხილვას ყველა სფეროში და ყველა დეპარტამენტში და გავარკვევთ, სად იყო ჩვენი სუსტი სფეროები,” - აღნიშნა გენერალმა.
ცნობისათვის, როდესაც გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, აშშ-ის დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეტევის განხორციელების შედეგად, რუსეთს კიევი, შესაძლოა, რამდენიმე დღეში ჩაეგდო ხელში, თუმცა ომი ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს და უკრაინელი მებრძოლების მოულოდნელი წინააღმდეგობისა და ლოგისტიკური პრობლემების გამო რუსული ძალები დედაქალაქის გარშემო არიან „გაყინული“.