უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელინსკიმ ომის 34–ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში, კიდევ ერთხელ დააკონკრეტა ის აუცილებელი მოთხოვნები რაც უკრაინისთვის შეუცვლელია შეთანხმების მისაღწევად.
"შეგვიძლია, მოლაპარაკებების მაგიდიდან გაჟღერებულ სიგნალებს პოზიტიური ვუწოდოთ, მაგრამ ეს სიგნალები ჭურვის აფეთქების ხმას ვერ ფარავენ. ამიტომ ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ საფუძველს, ნდობა გამოვუცხადოთ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რომელიც ჩვენს გასანადგურებლად ბრძოლას განაგრძობს. უკრაინელები მიამიტები არ არიან და შემოჭრიდან 34 დღის განმავლობაში ეს მათ კარგად აჩვენეს. ბოლო 8-წლიანი ომიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ მხოლოდ კონკრეტულ შედეგებსა და ფაქტებს.
უკრაინა კონცენტრირებულია მოლაპარაკებებზე და ჩვენ ვაპირებთ, პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. გათვლა გვაქვს კონკრეტულ შედეგებზე. უნდა მივიღოთ რეალური გარანტიები ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ასევე, ჩვენი ხალხისთვის. მტერმა ორი ოკუპირებული რეგიონი უნდა დატოვოს. უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული უნდა იყოს. შეუძლებელია, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით რაიმე სახის კომპრომისი განვიხილოთ. ეს მოლაპარაკებების შედეგის მკაფიო სიგნალი და ხედვაა.
მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ქსელში წერენ, რომ ეს უკვე მიღებულია და ფაქტია... ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენს ხალხს ასე სჭირდება და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც უკრაინელებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, მიიღებს არა ერთი ადამიანი ან ადამიანთა პოლიტიკური გაერთიანება, არამედ მთელი ერი.
მოვუწოდებ ნებისმიერ ქვეყანას, არც კი წამოჭრას საკითხი რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებასა და მოხსნაზე. ეს საკითხი არც კი განიხილება სანამ ეს ომი არ დასრულდება, ვიდრე არ დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის და სამართლიანობას არ აღვადგენთ. მანამდე კი სანქციები ყოველკვირეულად უნდა გამკაცრდეს და არამხოლოდ იმისთვის, რომ სანქცია სანქციისთვის იყოს. შეზღუდვები მშვიდობის დამყარების მიზნით უნდა დაწესდეს." – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს, 29 მარტს გაიმართა. შეხვედრაზე უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები, ასევე ის ქვეყნები დაასახელა, რომელიც უსაფრთხოების გარანტორად უნდა იქცნენ. ამასთან, შეხვედრაზე უკრაინამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები წარადგინა.