რუსეთი ტოვებს ერთადერთ შეთანხმებას ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით, რომელიც მას ამ დრომდე აშშ-თან ჰქონდა. ამის შესახებ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
საუბარია „სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვისა და შემცირების შეთანხმებაზე“. პუტინის თქმით, ამ შეთანხმებით NATO მოსკოვს ულტიმატუმებს უყენებს, თავად კი „ისე იქცევა, როგორც სურს“.
საუბარია შეთანხმებაზე, სახელწოდებით – „სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვისა და შემცირების შესახებ“ [ინგ. Treaty between the United States of America and the Russian Federation on Measures for the Further Reduction and Limitation of Strategic Offensive Arms იგივე – New START] . პირველად მსგავსი შეთანხმება ძალაში 1990-იან წლებში შევიდა, New Start კი – 2011 წლის 5 თებერვალს.
აშშ და რუსეთი პერიოდულად ანახლებდნენ ხელშეკრულებას. ბოლო განახლების შესაბამისად, მას 2026 წლის 4 თებერვლამდე უნდა ემოქმედა.
ეს ერთადერთი ხელშეკრულებაა, რომელიც ბირთვული იარაღის საკითხებს არეგულირებს. მათ შორის, სახმელეთო ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკტების, მძიმე ბომბდამშენებისა და სხვა.
Reuters-ის თანახმად, ხელშეკრულება ზღუდავს ბირთვული ქობინების რაოდენობას, რომლის გამოყენებას აშშ-სა და რუსეთს შეუძლია. ექსპერტთა შეფასებით, რუსეთს ბირთვული შეიარაღების ყველაზე დიდი მარაგი აქვს, დაახლოებით, 6 000 ქობინი. აშშ და რუსეთი კი ერთობლივად მსოფლიოს ბირთვული შეიარაღების 90%-ს ფლობენ, რაც საკმარისია პლანეტის რამდენჯერმე განადგურებისთვის.
წყარო: ნეტგაზეთი