ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ახლა, როდესაც ომი მიმდინარეობს, არ არის უკრაინის სრულუფლებიან წევრად ნატო-ში შესვლის დრო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის პირველი დღის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უნდა გადაიჭრას ორი საკითხი; ერთი, რომელიც მმართველობის განმტკიცებას და თავდაცვის ძალების ნატო-სთან თავსებადობას უკავშირდება და მეორე საკითხი ეხება მიმდინარე ომს.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არის ორი განზომილება; ერთი ეხება უკრაინის მიერ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციის დონეს, ასევე მმართველობის განმტკიცებას, რაც მოიცავს კორუფციასთან ბრძოლას. ეს არის საკითხები, რომლებსაც განვიხილავთ ალიანსის ყოველი გაფართოების წინ, რადგანაც გვსურს კარგი მმართველობა, თანამედროვე თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტები და გვსურს შეიარაღებული ძალები, რომლებიც ურთიერთავსებადი არიან ნატო-სთან. ამ საკითხებზე ვმუშაობთ, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების მოდერნიზაციაზე, ისე ურთიერთავსებადობაზე, რაც ხდება რამდენიმეწლიანი პროგრამით, რომელიც შევათანხმეთ. ასევე, არის სხვა განზომილება და ფაქტია, რომ უკრაინაში ომია და უკრაინულმა ძალებმა აჩვენებს გამბედაობა, უნარები და კომპეტენცია, რომელმაც მთელი მსოფლიო გააოცა. ამავე დროს, ეს არის სრულმასშტაბიანი ომი და ამიტომ, ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ როდესაც ომი მიმდინარეობს, ახლა არ არის უკრაინის სრულუფლებიან წევრად ნატო-ში შესვლის დროს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, საბოლოოდ მოკავშირეებმა უნდა შეაფასონ, არის თუ არა პირობები დაკმაყოფილებული და შემდეგ მიიღონ ალიანსში მიწვევის შესახებ გადაწყვეტილება.
„ასე რომ, ეს ორი სხვადასხვა საკითხია; მმართველობის საკითხი, მათ შორის კორუფცია და ურთიერთავსებადობა, რაც აუცილებელია იმის მიუხედავად, არის თუ არ ომი ქვეყანაში და მეორე საკითხი არის მიმდინარე ომი. ჩვენ ორივე უნდა გადავჭრათ და საბოლოოდ, მოკავშირეებმა უნდა შეაფასონ, როგორც ყოველთვის ხდება, როდესაც გვაქვს გაფართოება, არის თუ არა პირობები დაკმაყოფილებული და მერე მიიღონ მიწვევის შესახებ გადაწყვეტილება“, – განაცხადა იენს სტოლტებერგმა.
მისივე თქმით, დღეს გამოქვეყნებულ კომუნიკეში უკრაინასთან დაკავშირებით პირველად არის ნახსენები სიტყვა „მიწვევა“ და მოხსნილია წევრობის სამოქმედო გეგმის შესრულების საჭიროება.
„მნიშვნელოვანი რამ, რაც გვაქვს კომუნიკეში, არის ინსტრუმენტები, რათა უზრუნველვყოთ უკრაინის სვლა ნატო-სკენ. ასევე, პირველად არის ნახსენები სიტყვა „მიწვევა“ და ასევე, პირველად მოვხსენით ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის შესრულების საჭიროება. ეს არის დიდი ნაბიჯი და ასეთი ძლიერი ტექსტი არასდროს ყოფილა ნატო-ს მხრიდან წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ არასდროს დაგვისახელებია სპეციფიკურად ის, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.