ჩინეთი კატეგორიულად გმობს აშშ-ის მიერ ჩინეთში ინვესტიციების შეზღუდვებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჩინეთის საგარეო უწყების განცხადების მიხედვით, აშშ-ის კომპანიების ინვესტიციების შეზღუდვა ჩინეთში, ეროვნული უსაფრთხოების მიზეზით არის უსაფრთხოების კონცეფციის გადაჭარბების და ბიზნესის ჩართულობის პოლიტიზების აშკარა აქტი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ნაბიჯის რეალური მიზანია ჩინეთს ჩამოერთვას უფლება განვითარდეს და ეგოისტურად განახორციელოს აშშ-ის უზენაესობა სხვების ხარჯზე.
„ეს არის აშკარა ეკონომიკური იძულება და ტექნიკური დაშინება, ქმედება, რომელიც სერიოზულად არღვევს საბაზრო ეკონომიკისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს, ძირს უთხრის საერთაშორისო ეკონომიკურ და სავაჭრო წესრიგს, ახდენს გლობალური ინდუსტრიული და მიწოდების ჯაჭვების დესტაბილიზაციას და აზიანებს როგორც ჩინეთის, ისე შეერთებული შტატების ინტერესებს და გლობალურ ბიზნეს საზოგადოებას. ეს არის დეგლობალიზაცია და ჩინეთზე ეტაპობრივი უარი“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 9 აგვისტოს, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს აშშ-ის ახალ ინვესტიციებს ჩინეთის მგრძნობიარე ტექნოლოგიებში, როგორიცაა კომპიუტერული ჩიპები. ბრძანება უფლებას აძლევს აშშ-ის ხაზინის მდივანს აკრძალოს ან შეზღუდოს აშშ-ის ინვესტიციები ჩინურ სუბიექტებში სამ სექტორში: ნახევარგამტარები და მიკროელექტრონიკა, კვანტური საინფორმაციო ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის გარკვეული სისტემები.