მიმდინარე წლის ივლისის თვეში ექსპორტის ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპი დაფიქსირდა და 30% შეადგინა, - ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე საგარეო ვაჭრობის მიმართულებით არსებულ ტენდენციებს.
მისივე თქმით, ასევე რეკორდულია ექსპორტის მოცულობა, რომელმაც ივლისში 682 მლნ. აშშ. დოლარს გადააჭარბა.
როგორც მან განმარტა, „საქსტატის“ ექსპრეს მონაცემებით, 2024 წლის ივლისში სავაჭრო ბრუნვა 2,102.5 მლნ. აშშ. დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.6%-ით მეტია და ექსპორტის მსგავსად ასევე რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს. რაც შეეხება 2024 წლის იანვარ-ივლისის საგარეო ბრუნვის მაჩვენებლებს, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ის ასევე რეკორდული იყო და 12.5 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
„ყოველივე ზემოთაღნიშნული, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში გრძელდება საკმაოდ მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც შესაბამისად აისახება მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ასევე თითოეული მოქალაქის შემოსავლების ზრდაში”, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, არსებული, პოზიტიური ეკონომიკური მდგომარეობისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის შედეგად ქვეყანაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. როგორც მან განმარტა, მიმდინარე მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ერთის მხრივ მიმართულია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებასა და წარმოების ხელშეწყობაზე, ხოლო მეორეს მხრივ საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არაერთ ქვეყანასთან გვაქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და აღნიშნული პროცესი წარმატებით გრძელდება", - აღნიშნავს ვახტანგ ცინცაძე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ივლისში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსიც, რაც იმპორტთან შედარებით ექსპორტის უფრო მაღალ ზრდას უკავშირდება. სავაჭრო დეფიციტმა 2024 წლის ივლისში 737.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - 2023 წლის ივლისთან შედარებით 59.9 მლნ. აშშ. დოლარითაა გაუმჯობესებული.