საქსტატმა დღეს 2020 წლის III კვარტლის დეტალური ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სამთვიან პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.6%-ით შემცირდა. მთლიანობაში მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის ზომამ 13.3 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის თანახმად, ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ყველაზე მეტად ქვეყნის ტურისტული ინდუსტრია დაზარალდა, რომლის ბრუნვამაც მესამე კვარტალში 335 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 53%-ით ნაკლებია.
2020 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მაღალი - 14.7%-იანი ზრდა სამთომოპოვებით მრეწველობაში დაფიქსირდა, სექტორის ბრუნვა კი 250 მილიონი ლარი იყო.
თითოეული სექტორის მიხედვით ზრდის/კლების მაჩვენებლები ასეთია:
● სამთომოპოვებითი მრეწველობა - 14.7%-იანი ზრდა;
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 6.6%-იანი ზრდა;
● განათლება - 5.6%-იანი ზრდა;
● სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 4.3%-იანი ზრდა;
● მშენებლობა - 2%-იანი ზრდა;
● ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1.9%-იანი ზრდა;
● სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1.5%-იანი ზრდა;
● დამამუშავებელი მრეწველობა - 0.6%-იანი ზრდა;
● საბითუმო და საცალო ვაჭრობა - -0.3%-იანი შემცირება;
● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - -0.8%-იანი შემცირება;
● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - -4.4%-იანი შემცირება;
● წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - -11.4%-იანი შემცირება;
● ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - -11.5%-იანი შემცირება;
● პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - -12.5%-იანი შემცირება;
● ტრანსპორტი და დასაწყობება - -25%-იანი შემცირება;
● ხელოვნება, გართობა და დასვენება - -32.4%-იანი შემცირება;
● ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - -49%-იანი შემცირება;
● ტურიზმი - -53.1%-იანი შემცირება.
საქსტატის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.1 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.7 პროცენტი), მშენებლობა (10.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (9.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.4 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.8 პროცენტი).