სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი, დავით წითლიძე არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბსა და ხილის გადამამუშავებელ საწარმო - „შინდისი“ იმყოფებოდა, სადაც მოსავლის დაბინავება-რეალიზაციის პროცესს გაეცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
დავით წითლიძის თქმით, ამ დროისთვის 9 ათასი ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაბარებულია და პროცესი 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.
„საქართველოს მასშტაბით, 12 კომპანია იბარებს არასტანდარტულ ვაშლს 1 კგ-ს არანაკლებ 25 თეთრად, საიდანაც 10 თეთრი არის სახელმწიფოს სუბსიდია. ამ დროისთვის 9 ათასი ტონა არასტანდარტული ვაშლი უკვე ჩაბარებულია. პროცესი 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, ფერმერებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი ვაშლის მოსავლის რეალიზაცია“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ.
„შპს „შინდისი“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიაა. მიმდინარე წელს, კომპანიამ, პროგრამის ფარგლებში, 4 ათასი ტონა არასტანდარტული ვაშლი უკვე გადაამუშავა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 12 კომპანია 14 მიმღებ პუნქტში იბარებს შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
მიმდინარე წლის სექტემბრიდან სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა 9 ათასი ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლისა განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2024 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.25 ლარად შეისყიდიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.