28-29 ნოემბერს სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმების გაფორმება წაახალისებს კორეელ ინვესტორებს, გაზარდონ არსებული ინვესტიციები, მათ შორის ხელს შეუწყობს მათ დაინტერესებას, ინვესტიციები განახორციელონ ახალ სექტორებში.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან ინვესტიციები პირველად განხორციელდა 1997 წელს. მას შემდეგ, 2021 წლის ჩათვლით, ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 209.47 მლნ. აშშ დოლარი; 2016-2021 წლებში ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 128.94 მლნ. აშშ დოლარი.
„კორეის რესპუბლიკა არის ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელთანაც უდიდესი პოტენციალი არსებობს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამასთან, აღსანიშნავია ბოლო წლებში კორეელი ინვესტორების მხრიდან საქართველოთი სულ უფრო მზარდი დაინტერესება, ძირითადად, ენერგეტიკის სფეროთი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმება, რომელიც ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის, ხელს შეუწყობს კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებასა და ორივე სახელმწიფოს კეთილდღეობას, ხელშემკვრელ მხარეთა ეკონომიკურ განვითარებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობასა და ცხოვრების დონის ამაღლებას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.
აღნიშნული შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სეონგ დოკ იუნთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-კორეას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
მომლაპარაკებელთა ჯგუფში საქართველოს მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.