შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აცხადებს, რომ 2022 წლის 20 თებერვლიდან 2023 წლის 02 ივნისის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მიმართულებით არ გაცემულა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის, საბროკერო მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების არცერთი ნებართვა, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
"საქონლის მიმართ, ორმაგი დანიშნულების სანებართვო კონტროლის განხორციელების კუთხით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, ხორციელდება საქონლის თავდაპირველი იდენტიფიკაცია, რაც ნიშნავს, სეს ესნ-ის სასაქონლო კოდის და წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით განსაზღვრას, ესაჭიროება თუ არა აღნიშნული საქონლის საქართველოში შემოტანას/საქართველოდან გატანას/საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებას/საბროკერო მომსახურების ან ტექნიკური დახმარების გაწევას ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვა.
სასაქონლო კოდის გადამოწმება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის N 292 ბრძანებით დამტკიცებულ ე.წ. „კორელაციის ცხრილში“.
აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება საქონლის ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის ნებართვის მიკუთვნების თაობაზე მიიღება „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის N 394 დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხაში მითითებული კონტროლირებადი პროდუქციის ტექნიკური და ფუნქციონალური მახასიათებლების და მასში მოცემული განმარტებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით.
შესაბამისად, სეს ესნ-ის ერთი და იგივე სასაქონლო კოდში შესაძლოა მოხვდეს, როგორც ორმაგი დანიშნულების, ისე სხვა საქონელი, ხოლო საბოლოო იდენტიფიცირებისთვის და იმის დასადგენად, ექვემდებარება თუ არა საქონელი სანებართვო კონტროლს, საჭიროა ინფორმაციის მოძიება ამ საქონლის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, რომელიც შედარდება საკონტროლო ნუსხაში მითითებული კონტროლირებადი პროდუქციის ტექნიკურ მახასიათებლებს.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას საფუძვლიანად გაეცნოს ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობას, საერთაშორისო პრაქტიკას და შეწყდეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეზინფორმაციის ტირაჟირება“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
ამასთან, უწყება მოუწოდებს ყველას, საფუძვლიანად გაეცნოს ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობას, საერთაშორისო პრაქტიკას და შეწყდეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეზინფორმაციის ტირაჟირება.
რუსეთთან და ბელორუსთან ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტ-იმპორტზე ნებართვები არ გაცემულა - შემოსავლების სამსახური
273
|