შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული ჯარიმისგან 2025 წლის 31 დეკემბრამდე გათავისუფლდებიან. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დრეანდელ სხდომაზე მოხდება. დღეს მოქმედი კანონით, ეს თარიღი 2023 წლის პირველ იანვრამდე იყო განსაზღვრული.
ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან, რომლებიც განმარტავენ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უკვე 66 სამართალდამრღვევი პირი დაექვემდებარა დაჯარიმებას მშენებლობის პროცესში საეტაპო ოქმების წარუდგენლობისთვის.
მოქმედი კანონით, სანებართვო პირობების დარღვევა II კლასის შენობა ნაგებობის შემთხვევაში ჯარიმდება 4 000 ლარით, III კლასის შემთხვევაში – 10 000 ლარით, ხოლო IV კლასის შემთხვევაში – 15 000 ლარით. ამ დროისთვის აღნიშნული სამართალდარღვევის გამო, დაახლოებით გამოწერილია 852 000 ლარის ჯარიმა.
„გარკვეული პერიოდით შეღავათის დაწესების მიუხედავად, პროცესის სირთულის გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით, მშენებლობის ნებართვის მფლობელებისთვის კვლავ პრობლემური და ბუნდოვანია საეტაპო ოქმების დადგენილი წესით წარდგენის პროცედურა, რადგან აღნიშნული დღემდე რჩება სიახლედ სამშენებლო სფეროში და ვალდებულებების შესრულება დაკავშირებულია მთელ რიგ ობიექტურ სირთულეებთან. აღნიშნული საკითხის პრობლემურობაზე მიუთითებს ისიც, რომ არსებული მდგომარეობით სუბიექტებს, რომლებისთვისაც დადგენილია საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადებში შესაბამისი ეტაპის დასრულება და ოქმის წარდგენა, უმეტესობას წარდგენილი არ აქვს ან დარღვევით აქვს წარდგენილი ეტაპის ამსახველი დოკუმენტაცია.
ამ შემთხვევაში საჯარო ზედამხედველობის ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას იწყებს პირდაპირ შემოწმების აქტის შედგენით და სამართალდამრღვევი ჯარიმდება შესაბამისი კლასის შენობა-ნაგებობისთვის დადგენილი საჯარიმო სანქციით. შესაბამისად, საშეღავათო პერიოდი, რაც დღეს განსაზღვრულია კანონით, არ აღმოჩნდა საკმარისი ადაპტირებისათვის და დამატებით გარკვეული დრო და გამოცდილებაა საჭირო, რათა დადგინდეს შესაბამისი პრაქტიკა საეტაპო ოქმის წარმოდგენასთან დაკავშირებით, ხოლო დაინტერესებული პირები გაცნობიერდნენ მითითებულ პროცედურაში.
კერძოდ: საჭიროა, მშენებლობის ნებართვის მფლობელებს მიეცეთ შესაძლებლობა, მოიპოვონ ინფორმაცია შესაბამისი აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს/სერტიფიცირებული ექსპერტის დაქირავების შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შევიდნენ სამართლებრივ ურთიერთობებში, შემდგომში ცალკეული ეტაპების სამშენებლო სამუშაოები აწარმოონ და საეტაპო ოქმები სათანადო წესით წარადგინონ“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.