საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ევროკომისიის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც 2024-2026 წლებისთვის „ეკონომიკური რეფორმების პროგრამის“ პირველადი დოკუმენტი და პროგრამით გათვალისწინებული რეფორმები განიხილეს.
როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველო პირველად შეუერთდა ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის შემუშავებული მეთოდოლოგიით, ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს და დათქმულ ვადაში ევროკომისიას წარუდგინა 2024-2026 წლებისთვის „ეკონომიკური რეფორმების პროგრამის“ პირველადი დოკუმენტი.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის ინსტრუმენტს კანდიდატი ქვეყნებისათვის.
დოკუმენტში ასახულია ქვეყნის ძირითადი მონაცემების, მიმართულებებისა და წლიური ბიუჯეტის პროგნოზების ფარგლებში განსაზღვრული პარამეტრები.
როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა განაცხადა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან ელოდებიან რეკომენდაციებს საქართველოს ეკონომიკის, ფინანსური მდგომარეობისა და მაკრო-ფისკალური სტაბილურობის შესახებ.
„აღნიშნული პროგრამის შემუშავება გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან ველოდებით რეკომენდაციებს საქართველოს ეკონომიკის, ფინანსური მდგომარეობისა და მაკრო-ფისკალური სტაბილურობის შესახებ. ეკონომიკური რეფორმების პროგრამის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება ხდება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის. ეს იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი პროცესის ნაწილი. განვიხილავთ ვარიანტებს, თუ როგორ შეუძლია, გაუმკლავდეს ქვეყანა ევროკავშირის ბაზრის გამოწვევებს და ინტეგრირდეს ერთიან ბაზარზე. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესს ფინანსთა სამინისტროდან ვიწყებთ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორია საქართველოში“, – განაცხადა ნიკოლას სენდეროვიჩმა.