დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი "ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. სხდომა 10 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, კანონპროექტს ეროვნული ბანკის შესახებ პრეზიდენტმა ვეტო 23 თებერვალს დაადო. სალომე ზურაბიშვილი განმარტავდა, რომ "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული არ იყო.
რაც შეეხება თავად ცვლილებებს, ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. ცვლილებების პროექტის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება. ახალი კანონი ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააკრიტიკა.
თუმცა, გასულ კვირას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
„სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას. დღემდე, საქართველოს ეროვნულ ბანკში ვაკანტურია საბჭოს წევრის ორი პოზიცია, ხოლო 2 მარტიდან ვაკანტურია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაც. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული. ამგვარი კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი.
კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვ. თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“, - აღნიშნული იყო „ოცნების“ განცხადებაში.
პარლამენტში დღეს სებ-ის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას განიხილავენ
340
|