საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ დიალოგშია.
როგორც გიორგი აბრამიშვილმა საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა, კომუნიკაცია თავიდან იყო დაგვიანებული ფართო საზოგადოებასთან.
მისივე თქმით, ადგილობრივებთან კომუნიკაცია დიდი ხანია მიმდინარეობს, რისი შედეგიცაა ის, რომ 275 ოჯახიდან 267-თან გადახდილია კომპენსაციები.
“ნამახვანი კარგი ჰესია თუ ცუდი, სჭირდება ეს ჩვენს ქვეყანას თუ არ სჭირდება, ამის გასარკვევად არსებობს მხოლოდ ერთი გზა, რომ აკადემიურ სივრცეში კონსტრუქციულად ვისაუბროთ. კითხვები დაისვას და პასუხები გაეცეს. ჩვენ რამდენი ხანია ვიხვეწებით, რომ მოვიდნენ დიალოგზე ყველა დაინტერესებული მხარე, მაგრამ არ მოდიან. რამდენიმე კვირის წინ, მოხდა გასაჯაროება იმ კვლევების რაც გაკეთებულია, ეკონომიკის სამინისტრომ პრეზენტაცია გამართა, მაგრამ ის მთავარი არასამთავრობოები, რომლებიც აპროტესტებენ არც კი მობრძანდნენ”, - განაცხადა აბრამიშვილმა სააგენტოსთან საუბარში.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ პროექტზე კვლევები დადებულია არა ერთი, არამედ უამრავი საერთაშორისო კომპანიის მიერ. რომლებიც არიან ლიდერები და სამეულში ან ხუთეულში არიან თავის დარგში.
“მე შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო რომ "ნამახვანი" არის ყველაზე უფრო მეტად შესწავლილი ჰიდროპროექტი საქართველოში. ყველა საჭირო კვლევა გვაქვს. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ არაფერი არ არის გასაუმჯობესებელი, მაგრამ ამისათვის არის აუცილებელი კონსტრუქციული დიალოგი და თუ იქნება სწორი შენიშვნები, რატომაც არა?! გეოლოგიურად შესწავლილია, 900 ჭაბურღილია გაკეთებული, ვერ მანახებთ ერთ პროექტსაც კი, რომელზეც 900 ჭაბურღილია გაკეთებული. 1956 წელს აშენებული “ლაჯანურჰესი” რომელმაც 70 წელი გაიარა და ერთი ბზარიც არააქვს, რომელმაც რაჭის მიწისძვრაც გადაიტანა და არაფერი არ მოსვლია, დგას და როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ნამახვანი რომელზეც 50-იანებში უკვე კვლევები მიმდინარეობდა წალეკავსს ქუთაისს?! ასევე, სხვა ჰესები, რიონჰესი რომელსაც 100 წელი შეუსრულდება მალე ა.შ. და დღეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული, გრავიტაციული, აშენებს კომპანი, რომელიც ერთის მხრივ არიან ნორვეგიელები, რომლებსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ჰიდროენერგეტიკაში და მეორეს მხრივ თურქული კომპანია, რომელიც 1962 წელშია დაფუძნებული, მსოფლიო ასეულში არის საუკეთესო კონტრაკტორების და მშენბლობის, 27 ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აქვს აშენებული. გამოსავალია ის რომ, ჩვენ რაშიც ვართ დარწმუნებული - დავარწმუნოთ ისინიც ვინც დაინტერესებულია. თუ არ მოვიდნენ დიალოგზე, ქუჩაში შეიძლება ეს გაკეთდეს?! ჩვენგან დიალოგის მცდელობის მიუხედავად, არ მოვიდნენ”, - განაცხადა აბრამიშვილმა.