ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა უმეტესობა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს.
კერძოდ, საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხები ამგვარია: კარგი – 6 პროცენტი, საშუალო – 44 პროცენტი, ცუდი – 48 პროცენტი, არ ვიცი – 2 პროცენტი.
გამოკითხვის მიხედვით, ყოველი მეხუთე ადამიანი უმუშევარია. უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს, და ასეთია 49 პროცენტი, ან შესაფერისი ანაზღაურებით ვერ პოულობს. ასეთია 20 პროცენტი. გამოკითხულთა 16 პროცენტი სამსახურის პოვნით დაინტერესებული არ არის. 37 პროცენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს. 51 პროცენტი დარწმუნებული არ არის, რომ მთავრობა ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას შეძლებს.
გამოკითხულთა 39 პროცენტი ამბობს, რომ წინა ხუთ წელთან შედარებით, ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს. იგივე ფინანსური მდგომარეობა აქვს 37 პროცენტს, 22პროცენტისთვის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. გამოკითხულთა 77 პროცენტს ფასების ზრდა ძალიან აწუხებს. ინფლაციას 38 პროცენტი მთავრობის პოლიტიკას მიაწერს, 31 პროცენტი ფიქრობს, რომ ფასების ზრდა უფრო მეტად ისეთი ფაქტორების შედეგია, რომელიც მთავრობის კონტროლის მიღმაა, 16 პროცენტი ფიქრობს, რომ ორივეს შედეგია. „NDI“-ს ცნობით, ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლისთვის საკმარისი ფული არ აქვს და ასეთია გამოკითხულთა 18 პროცენტი, 35 პროცენტი ამბობს, რომ ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის, მაგრამ არ ჰყოფნის ტანსაცმელზე. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ოჯახის შემოსავალს ძირითადად საკვებზე, კომუნალურ გადასახადზე, წამლებსა და სესხებზე ხარჯავს.
გამოკითხულთაგან ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ საზღვარგარეთ სამუშაოდ წახვალთ, 20 პროცენტი ამბობს, რომ მოსალოდნელია, 76 პროცენტი პასუხობს, რომ მოსალოდნელი არ არის.