სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ექსპორტის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე 5.71 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა. ეს თანხა კი წინა წელთან შედარებით 963 მილიონი დოლარით ანუ 37%-ით მეტია.
საექსპორტო საქონელს შორის პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტის ზომაც $684 მილიონი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 32%-ით არის მომატებული. თუმცა სპილენძის მადნების ექსპორტის უდიდესი ნაწილი (531 მილიონი 684-დან) სინამდვილეში რეექსპორტს წარმოადგენდა და ადგილობრივი მოპოვება არ იყო. რაც შეეხება მეორე უმსხვილეს საექსპორტო საქონელს, ეს ავტომობილებია, რომლის ექსპორტიც $491 მილიონი იყო. ავტომობილების რეექსპორტი წლიურად 67%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს საექსპორტო საქონლის ათეული:
1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $684 მლნ, მატება წინა წელთან 37%;
2) მსუბუქი ავტომობილები - $491 მლნ, მატება წინა წელთან 67%;
3) ფეროშენადნობები - $372 მლნ, მატება წინა წელთან 40%;
4) აზოტოვანი სასუქები - $193 მლნ, მატება წინა წელთან 239%;
5) ღვინოები - $146 მლნ, მატება წინა წელთან 1%;
6) სპირტიანი სასმელები - $92 მლნ, კლება წინა წელთან 2%;
7) ელექტროენერგია - $74 მლნ, მატება წინა წელთან 398%;
8) მედიკამენტები - $67 მლნ, მატება წინა წელთან 6%;
9) მინერალური და მტკნარი წყლები - $67 მლნ, კლება წინა წელთან 28%;
10) ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $60 მლნ, მატება წინა წელთან 125%.
უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულიდან 8-ის ექსპორტი გაზრდილია, ხოლო ორი საქონლის - მინერალური წყლების და სპირტიანი სასმელების ექსპორტი შემცირებულია.
ქვეყნების მიხედვით, ექსპორტი გაზრდილია ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორში, გარდა უკრაინისა, სადაც წელს საქართველომ $166 მილიონის პროდუქცია გაყიდა. ეს წინა წელთან შედარებით 13%-ით ნაკლებია. რუსეთში კი ექსპორტი 8.5%-ით, $409 მილიონამდე გაიზარდა.