გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებთან ერთად, უწყების მიმდინარე წლის შედეგები შეაჯამა და 2022 წლის გეგმები განიხილა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2021 წლის მთავარი წარმატებები ექსპორტის მზარდი სტატისტიკა, ორგანიზებული რთველი, ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში და ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული აქტივობებია.
მიმდინარე წელს, ვენახების კადასტრის პროგრამის ფარგლებში, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ვენახების 26500 ჰა ფართობები აღიწერა. რთველი 2021-ის ფარგლებში, ყველა მევენახემ, ჯამში 23 ათასმა ფერმერმა, ყურძენი საწარმოებს ვენახების კადასტრის ამონაწერით ჩააბარა. საქართველოს მასშტაბით, 243 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, ხოლო მევენახეების შემოსავალმა 270 მლნ ლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ვენახების კადასტრის პროგრამა 2022 წელს ქართლის რეგიონში განხორციელდება და მომავალში საქართველოს მეღვინეობის ყველა რეგიონს მოიცავს. საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებასა და ყურძნისეული პროდუქტების ხარისხს უზრუნველყოფს.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს გეგმები თანხვედრაშია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარების საქართველოს მთავრობის გრძელვადიან სტრატეგიასთან. კერძოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიის წარმოება გაძლიერდება და მიმართული იქნება ქართული ღვინის როგორც ნიშურ სეგმენტში, ასევე სავაჭრო ქსელებში მაშტაბური რეალიზაციის ხელშეწყობისკენ. ღვინის კერძო ინდუსტრიასთან კოორდინაციით, 2030 წლისთვის, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად და ქართული ღვინის ხარისხის მდგრადი უზრუნველყოფის საფუძველზე, ღვინისა და სხვა ყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვებით მიღებული შემოსავალი ქვეყნისთვის 1 მლრდ დოლარს მიაღწევს.
მინისტრის დავალებით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, ექსპორტის რაოდენობრივი ზრდის პარალელურად, მუდმივ რეჟიმში უნდა გააგრძელოს ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის ზრდისკენ მიმართული ღონისძიებები.
ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად კვლავ რჩება: აშშ, იაპონია, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები. საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, დაგეგმილია ახალი ბაზრების ათვისება.